მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეზღუდვები ამოქმედდა ქართულ საბანკო სექტორში რუსეთის სანქციების გამო?

621f439d929ee
გიორგი თოლორდავა
02.03.22 14:30
8197
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, დასავლეთმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთი სანქცია და შეზღუდვა დაუწესა აგრესორ რუსეთს და მის საბანკო-საფინანსო სექტორს.

საქართველოს საბანკო ასოციაციის განმარტებით, ქვეყნის საბანკო სისტემა სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და სწრაფად ადაპტირდება მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებზე.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, რუსეთზე დაწესებული სანქციები საქართველოშიც მოქმედებს და ამის ერთ-ერთი მაგალითია ვითიბი (VTB) ბანკის შეზღუდვა და მისი პორტფელის გასხვისება.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, VTB ბანკის საცალო მომსახურება გასხვისდა ბაზისბანკზე, რაც იმას ნიშნავს, რომ VTB ბანკის მომხმარებელი ფიზიკური პირები მომსახურებას ბაზისბანკისგან მიიღებენ, იურიდიული პირებისთვის მომსახურებას კი ისევ "ვითიბი ბანკი" განაგრძობს, რადგან მას ამის უფლება და საშუალება ჯერაც აქვს.

აღსანიშნავია, რომ VTB ბანკის მომხმარებელს ბაზისბანკთან სრულად უნარჩუნდებათ მიმდინარე პირობები და ტარიფები, უცვლელია მათი ანაბრები და სასესხო ვალდებულებებიც.

რაც შეეხება SWIFT-ის სისტემიდან რუსული ბანკების გაძევებას, ამ ცვლილების შედეგად, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს საბანკო სისტემის მომხმარებლებიც ვეღარ შეძლებენ SWIFT-ის სისტემის საშუალებით სანქცირებულ ბანკებთან გადარიცხვების განხორციელებას.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, SWIFT-ის სისტემა არ არის ერთადერთი გზა საერთაშორისო გადარიცხვების განსახორციელებლად და შესაძლებელია მისი ალტერნატივის შექმნა, თუმცა SWIFT-ის გვერდის ავლით სანქცირებულ რუსულ ბანკებთან ურთიერთობისგან თავს ყველა კომერციული ბანკი შეიკავებს.

„სანქცირებულ ბანკებთან ახალი სისტემების აწყობას ყველა არსებული კომერციული ბანკი მოერიდება", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

სანქციები, ასევე, დაწესდა რუსული ბანკების VISA და Mastercard საბანკო ბარათებზე. სანქცირებული ბანკების ბარათების მფლობელები ვეღარ განახორციელებენ საბარათე ოპერაციებს, იქნება ეს განაღდება თუ გადახდები. შესაბამისად, ამ ბარათების მფლობელები ვერ მიიღებენ საბარათე სერვისს საქართველოს საბანკო სისტემაშიც. 

აღსანიშნავია, რომ სანქციები არ ეხება სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემას და ის ჯერაც არ შეზღუდულა, თუმცა არის ეჭვი და ვარაუდი, რომ მომავალში ამ სისტემით სარგებლობაც აიკრძალოს.