მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა დაიხარჯა საქართველოში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაზე?

60a943aeaa80e
მადონა გასანოვა
22.05.21 21:37
722
საერთაშორისო მედიის თანახმად, ავსტალიამ თითქმის $18.6 მილიონი გამოყო, რათა მოქალაქეები დაარწმუნოს, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაში. კამბოჯა,$20.5 მილიონზე მეტის დახარჯვას აპირებს, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაზე. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, დიდ ბრიტანეთში აღნიშნული მიმართულებით, £23 მილიონი იქნა გამოყოფილი. თეთრი სახლის ბიუჯეტი კი, სარეკლამო კამპანიაზე $250 მილიონს ითვლის. რაც შეეხება საქართველოს, როგორც BM.GE-თვის ცნობილი გახდა, ქვეყანაში დღემდე ყველა აქტივობა უსასყიდლოდ განხორციელდა.

„რა მოხდება, თუკი გაჩნდება ვაქცინა, მაგრამ მას არავინ გაიკეთებს“? - აღნიშნული შეკითხვა, 2020 წლის ნოემბერში O'Dwyer's-ის რედაქტორმა, ქევინ მაკკოლიმ დასვა, რომელსაც 40-წლიანი გამოცდილება აქვს PR-ში, ლობიზმში, რეკლამირებასა და მარკეტინგში. „ვირუსის წინააღმდეგ გარდამტეხი და მეორე, ყველაზე ეფექტური იარაღი, სწორედ PR-ი იქნება“, აცხადებდა მაკკოლი. მისივე რწმენით, „სწორედ PR-ით უნდა მოხდეს ამერიკელების დარწმუნება, რომ გაიკეთონ კოვიდის აცრა“.
სარეკლამო პროექტებზე შტატებმა მუშაობა შარშან შემოდგომაზე დაიწყო. თუმცა, შემეცნებითი კამპანიის წამოწყება ბაიდენის ადმინისტრაციამ არ იჩქარა, ვიდრე ვაქცინის საჭირო რაოდენობა არ გაჩნდა. ამ ეტაპზე, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 59%-ს, ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა აქვს მიღებული. 4 მაისს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის აცრა, 4 ივლისისთვის. ცალსახაა, რომ სათანადო საინფორმაციო კამპანიის გარეშე შტატები ამ შედეგს ვერ მიაღწევდა.

რა თანხა იყო გამოყოფილი კოვიდის საწინააღმდეგო აცრის კამპანიისთვის და რამდენის ათვისება მოხდა - აღნიშნული შეკითხვით BM.GE-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს მიმართა. სამინისტრომ შეკითხვები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გადაუმისამართა. ამ უკანასკნელის პასუხის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან დღემდე, ყველა საინფორმაციო აქტივობა „განხორციელდა უსასყიდლოდ“.

NCDC-მ პასუხგაუცემელი დატოვა BM.GE-ს შეკითხვა, თუ რა თანხა იყო გამოყოფილი საინფორმაციო კამპანიაზე. როგორც „საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში“ ვკითხულობთ, „მოთხოვნის შექმნის და კომუნიკაციისთვის მომზადებული დეტალური გეგმის მიხედვით, დაითვალა ამ კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი, რამაც მთლიანობაში შედაგინა 1,662,800 ლარი. ქვეყანას მოუწევს აქტიური მუშაობა დონორ და პარტნიორულ ორგანიზაციებთან, რათა შეძლოს საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება.“

22 მაისის მდგომარეობით, საქართველოში სულ, აცრილია 109,395 მოქალაქე. ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

„საქართველოში მიმდინარეობს ქაოტური, გაუაზრებელი და დაუგეგმავი აქტივობების ერთობლიობა, რომელსაც კამპანიას ვერ დავარქმევ, რადგან კამპანია არის დაგეგმილი, ერთი იდეის და გზავნილის ქვეშ მოაზრებული გრძელვადიანი აქტივობების ერთობლიობა, რომესაც ყავს კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფი და აქვს მკვეთრად განსაზღვრული მიზანი. ახლა ვხედავთ ორგანიზაციებისა და პიროვნებების თვითნებურ აქტივობებს, რომელიც ორაზროვან და ნაკლებ ეფექტიან შედეგებს გვაძლევს,“ განაცხადა ელდარ პირმისაშვილმა, სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო - Peritus Group-ისა & Influencer.ge-ს დამფუძნებელმა.

პირმისაშვილის შეფასებით, თუ დღეს ერთ ადამიანთან კომუნიკაცია მთავრობას 10 ლარი დაუჯდება, ხვალ მინიმუმ 4 ჯერ მეტის დახარჯვა მოუწევს, რადგან მითებთან და უკვე ჩამოყალიბებულ უარყოფით აზრებთან გამკლავება დღითიდღე რთული გახდება.

შეკითხვაზე, თუ რომელი საინფორმაციო საშუალებაა მეტად ათვისებული საქართველოში, ვაქცინაციის კამპანიის კუთხით, პირმისაშვილი აცხადებს, რომ „ძირითადად ათვისებულია ტელევიზია და სოციალური ქსელი, თუმცა რადგან არ არის კონკრეტული სეგმენტები, მათი სამიზნე ჯგუფები და მათზე მორგებული გზავნილები და კომუნიკაცია, ამიტომ არის ნაკლებ შედეგიანი და მხოლოდ " ბაბლზე" მოქმედებს, იმ სამეგობროს/სანაცნობოზე, ვინც ერთმანეთის შეხედულებებს იზიარებენ. ამ ადამინებს სჭირდებათ სანდო წყარო და გააზრებული (გადამოწმებული) თანმიმდევრული და რეგულარული ინფორმაცია, რასაც ზოგადად, ვუწოდებთ საკომუნიკაციო კამპანიას. ტელევიზია მხოლოდ ტირაჟირებს მომხდარ ფაქტს, რაც კარგია, მაგრამ არასაკმარისი. კამპანია უნდა იყოს მძლავრად გაშლილი, წერტილოვნად და ინტენსიურად. ათი ადამიანის ფოტო ან ვიდეო მიმართვა მხოლოდ მცდარ ეფექტს იძლევა, თითქოს, კამპანია სწორად მიდის.“

„საქართველოში კანპანიას, ფაქტია, დააგვიანდა“, აცხადებს პირმისაშვილი. მისი შეფასებით, ქვეყანაში სწორად უნდა იყოს განსზღვრული, რა მიმართულებით არის პრობლემები საინფორმაციო კუთხით. „ამაზე საზღვარგარეთ ანალიზი და სოციოლოგიური კვლევები ტარდება. განსასაზღვრია ადამიანთა რაოდენობა, ვისაც არ უნდა ვაქცინაციის პროცესში ჩართვა, რა მითები არსებობს და როგორ უნდა მოხდეს ამ მითების დამსხვრევა, ამაზე უნდა საუბრობდნე კომუნიკაციის დარგის სპეციალისტები და ექსპერტები და იგეგმებოდეს ფართომასშტაბიანი და მიზანმიმართული კამპანია,“ ამბობს პირმისაშვილი BM.GE-თან ინტერვიუში.