მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელსაც თავიდან აშენებას უპირებენ

64b15b686ce61
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.23 18:40
1833
რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი კლინიკაა, 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რესპუბლიკურმა გასულ წელს 44.6 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა, საიდანაც 25.5 მილიონი ლარი უშუალოდ სამედიცინო სერვისების გაწევიდან მიღებული თანხები, 15.5 მილიონი სახელმწიფო სუბსიდია, 2.5 მილიონი კი ანაბარზე დარიცხული სარგებელი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ გასული წელი 3.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კომპანიის ხარჯები მის შემოსავლებს აღემატებოდა, მათ შორის - პერსონალის ხელფასები 21.6 მილიონი ლარი, სამედიცინო საქონელი 14.3 მილიონი ლარი, ცვეთა და ამორტიზაცია 4 მილიონი ლარი, კომუნალურები 2.8 მლნ, ანარიცხები 1.7 მლნ, სხვა ხარჯი 2.8 მლნ ლარი.

რესპუბლიკური საავადმყოფო 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაშია. მას ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ფლობს. ამასთან, აუდიტის თანახმად, კომპანიის ზოგიერთი ნაჩვენები თანხა 2021 წლის ნაშთებს არ შეესაბამებოდა და მათ შორის აცდენები იყო.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური დირექტორი, ირაკლი გვაზავა დააკავეს. გამოძიების თანახმად, ის ჩართული იყო სქემაში, რომლითაც კლინიკის რემონტისთვის კონტრაქტი გაფორმდა არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთან და ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3.05 მილიონი ლარიდან მხოლოდ 2.6 მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდა, დანაშაულებრივმა ჯგუფმა კი დარჩენილი თანხების მითვისება სცადა.

შეგახსენებთ, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რასაც საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა, რადგანაც რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციის პერიოდში კლინიკა ოპერირებას შეაჩერებს.

მარტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი რეაბილიტაციის პროცესში სამსახურს არ დაკარგავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები