მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება საქართველოს უცხოურ მედიაში ზამთრის ტურიზმის მარკეტინგული კამპანია?

61cb266678cac
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.21 14:20
861
საქართველოში მთის კურორტებზე 2021-2022 წლის ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბრიდან გაიხსნა, თუმცა ერთ-ერთ კურორტზე, კონკრეტულად კი მესტიაში ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროები, არასტაბილური ელექტრომიწოდების გამო, მხოლოდ გუშინ ჩაირთო. ზამთრის სეზონისთვის მზადება და სხვადასხვა ტურისტული ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვისთვის მარკეტინგული კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის ნოემბერში დააანონსა. CNN, National Geographic, Expedia, Vogue, Conde Nast Traveler, TimeOut, Wego-ს და AD - ეს ის მედიაპლატფორმებია, სადაც მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტო რეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდება. კამპანია აღნიშნული პლატფორმების სოციალურ ქსელებსაც - Instagram-ს, Facebook-ს, Twitter-ს და LinkedIn-საც მოიცავს.

BM.GE დაინტერესდა რა თანხა აქვს გამოყოფილი ტურიზმის ადმინისტრაციას კონკრეტულად ამ მარკეტინგული კამპანიის წარმოებისთვის და რა აუდიტორიის მოცვას აპირებს ამ აქტივობით - ამ კითხვებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მივმართეთ. უწყების ცნობით, მარკეტინგული კამპანიების სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე განსხვავებულ დროს დაიწყო და ჯამურად, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მიმართულებით 350 000 ევრო და 108 000 დოლარი აქვს გამოყოფილი.

უწყებაში განმარტავენ, რომ პირველი მარკეტინგული კამპანია CNN-ის პლატფორმაზე მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო და 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით ხორციელდება. მისი მიზანი 4 მილიონზე მეტი აუდიტორიის მოცვაა. ჯამური ღირებულება კი €100 000 არის. "კამპანიის სამიზნე აუდიტორიაა ევროპა და შუა აღმოსავლეთი. CNN-ზე მიმდინარე კამპანიის მიზანია, შემდეგი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია: ბუნება და სათავგადასავლო ტურიზმი, ზამთრის კურორტები, ღვინო და გასტრონომია, იმერეთის რეგიონი. კამპანიის ფარგლებში გამოყენებულია როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული არხები: ზამთრის ვიდეორგოლების სატელევიზიო განთავსება, სტატიები სიენენის ონლაინ პლატფორმაზე, პოსტი სოციალურ ქსელში“, - ამბობენ ადმინისტრაციაში.

მეორე მარკეტინგული კამპანია Expedia-ს პლატფორმაზე მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან დაიწყო და 2022 წლის 28 იანვრის ჩათვლით ხორციელდება. ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან €100 000 დაიხარჯება. „კამპანიის მიზანია, მოიცვას 9 900 000-მდე აუდიტორია. კამპანიის სამიზნე აუდიტორია აშშ, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთია“.

National Geographic-ის საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე საქართველოს ზამთრის ტურიზმის პოპულარიზების მიზნით მარკეტინგული კამპანია კი 17 ნოემბრიდან დაიწყო და 2022 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. ყველაზე მეტი თანხა ამ შემთხვევაში სწორდ ამ პლატფორმაზეა მიმართული. „კამპანიის ფარგლებში მომზადდა სტატიები საქართველოს შესახებ. აღნიშნული კამპანიის ღირებულებაა €150 000, გამიზნულია მიწვდეს 5 006 723 მომხმარებელს და მისი სამიზნე აუდიტორიაა: ევროპა (მეტწილად გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბალტიის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი), ისრაელი და შუა აღმოსავლეთი (არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი), ამერიკის შეერთებული შტატები“, - აცნობეს BM.GE -ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან.

რაც შეეხება 22 ნომებრიდან დაწყებულ მარკეტინგულ კამპანიებს, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა/გამომცემლობას მოიცავს, ის მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დასრულდა და მასში Conde Nast Traveller Uk, Conde Nast Traveller Spain, Vogue France და Conde Nast AD Germany იყვნენ ჩართულები. ამ შემთხვევაში სამიზნე სეგმენტს დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი წარმოადგენდნენ, რაზეც 108 000 დოლარი დაიხარჯა.

რამდენად ეფექტიანი იყო საერთაშორისო პლატფორმებზე დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები - ამ კითხვით BM.GE ტურიზმის ადმინისტრაციას 2021-2022 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ მიმართავს.