მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა მოხდეს, რომ დოლარიზაცია შემცირდეს? – Fitch-ის პასუხი

5da1b00c35bc4
ელენე კვანჭილაშვილი
12.10.19 15:45
1627
"იმისთვის, რომ დოლარიზაცია შემცირდეს, მეტი რესურსი უნდა არსებობდეს ლარში. კომერციულ ბანკებს უნდა შეეძლოთ ლარში დაკრედიტება და მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მეტი ლარი“, - ამბობს „ანალიტიკასთან“ Fitch Ratings-ის საფინანსო სექტორის განყოფილების უფროსი დირექტორი ოლგა იგნატიევა.

ლოგიკურ კითხვაზე - როგორ უნდა არსებობდეს მეტი რესურსი ლარში - Fitch-ის ანალიტიკოსს ასეთი პასუხი აქვს: „ვფიქრობ, აქ კაპიტალის ბაზრის განვითარების თემა შემოდის. ასევე, მგონია, რომ ეროვნულ ბანკსაც უნდა ჰქონდეს რესურსი, რომ კომერციულ ბანკებს ლარი ასესხოს“.

შემხვედრ კითხვაზე - ხომ არ გაზრდის ეს ლარზე ზეწოლას გაუფასურების მიმართულებით, ოლგა იგნატიევას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: „კაპიტალის ბაზრის განვითარება - ეს არის პასუხი“.

Fitch-ის ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივა. „კაპიტალის ბაზარი უფრო იაფ ფულზე ხელმისაწვდომობას ნიშნავს“, - ამბობს ოლგა იგნატიევა „ანალიტიკასთან“.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი აგვისტოში BB-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია. Fitch-ის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედა 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებამ და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდამ. Fitch-ის ამ შეფასებით, საინვესტიციო რეიტინგამდე საქართველოს 2 ნაბიჯი რჩება.

საქართველოს სუვერენული რეიტინგის მთავარი აქცენტები და სამომავლო პერსპექტივები წელს გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოში ოქტომბერში ყოველწლიურ კონფერენციაზე შეაჯამა. კონფერენციას, როგორც ყოველთვის, ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ანალიტიკოსები და მედია.