მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საფრანგეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამცირა

644d02ec8ea4a
გიორგი არონია
29.04.23 18:41
668

გლობალურმა საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა საფრანგეთის სუვერებული საკრედიტო რეიტინგი შეამცირა და ის AA- დონეზე, სტაბილური პერსპექტივით განსაზღვრა. სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შემცირების მთავარი მიზეზი საფრანგეთის მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი გახდა, რომელიც Fitch-ის შეფასებით AA რეიტინგის მქონე სახელმწიფოების მედიანურ მაჩვენებლს საგრძნობლად აღემატება. საკრედიტო ქულის ჩამოქვეითებით, ევროზონის რიგით მეორე ეკონომიკის მქონე საფრანგეთი ირლანდიას და ჩეხეთს გაუთანაბრდა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შემცირება დადებითად არ აისახება საფრანგეთის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე, რადგან მთავარ წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ის სწორედ საგარეო ვალის შემცირებას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის აჩქარებას ასახელებდა. ამასთან, ბოლო თვეების განმავლობაში, მაკრონს სირთულეების გამოვლა უწევს შიდა პოლიტიკაშიც, რადგან მის მიერ შემოთავაზებულ საპენსიო რეგორმას, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდას გულისხმობს, მოქალაქეების მხრიდან პროტესტი და პარლამენტარების მხრიდან ნაწილობრივი უნდობლობა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მაკრონის საპენსიო რეფორმას საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch-იც ეხმიანება, რომლის შეფასებით, 2030 წლისთვის, ამ გზით, საფრანგეთის ხელისუფლება, ყოველწლიურად, 17.7 მილიარდი ევროს, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.6%-ის დაზოგვას შეძლებს.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ Fitch-ის მიერ სუვერენული რეიტინგის შემცირება საფრანგეთის ხელისუფლებას საგარეო ვალის შემცირებას გაურთულებს. ამ მოსაზრებას ამყარებს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მარის განცხადება, რომლის თანახმად, Fitch-ის შემცირებული შეფასება ორგანიზაციის პესიმისტურ განწყობაზე და ქვეყანაში გატარებული სტრუქტურული რეფორმების არასათანადო შეფასებაზე მიუთითებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით მუშაობას საფრანგეთის ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს. გასულ კვირას, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო დეფიციტის შემცირების გრძელვადიანი გეგმა წარმოადგინა, რომლითაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას დაბალი გადასახადებით და საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული რეფორმების შემოღებით იგეგმება.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, საგარეო ვალის მომსახურება საფრანგეთის ხელისუფლებას წლიურად 70 მილიარდი ევრო დაუჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები