მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შემცირება?

აშშ

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ერთ დიდ უცნაურობაში გაეხვია, რადგან გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული რეიტინგი შეამცირა.

თუ ამ დრომდე, ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგი, წლების განმავლობაში, უმაღლეს მაჩვენებელზე, ანუ AAA-ზე იყო დაფიქსირებული, Fitch-მა ის ერთი დონით შეამცირა. ეს შეფასება, ცხადია, კატასტროფულად კარგია და საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საოცნებოდ ითვლება, მაგრამ ასე არ არის ამერიკის შემთხვევაში, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფოა.

რეიტინგის შემცირების გადაწყვეტილებას Fitch Ratings-ი ქვეყნის ფისკალური დეფიციტის მზარდი მაჩვენებლით და მმართველობითი სტრუქტურის ჩამოშლით ხსნის, რომელმაც გასული ორი დეკადის განმავლობაში სავალო ჭერის ლიმიტის რამდენიმეჯერ გაზრდა გამოიწვია. ამჟამად, ამერიკის სავალო ჭერი $31.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ანუ ამ მოცულობაზე დიდ თანხას ამერიკა სახელმწიფო ბონდების გამოშვებით, უბრალოდ, ვერ ისესხებს. მიმდინარე წლის ივნისში, ამ ამბავზე დიდი ჭიდილი იყო ამერიკის კონგრესში, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონგრესმენები სავალო ჭერის 2025 წლის იანვრამდე გაუქმებაზე, რითაც, რეალურად, სახელმწიფოს დამატებითი ვალის აღება აუკრძალეს.

“Fitch-ის შეფასებით, გასული ოცი წლის განმავლობაში მმართველობითი სტანდარტები მკვეთრად გაუარესდა, მათ შორის ფისკალური და ვალთან დაკავშირებული საკითხების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ივნისში, ორპარტიული გადაწყვეტილებით, სავალო ჭერი 2025 წლის იანვრამდე დროებით გაუქმდა. სავალო ჭერთან დაკავშირებულმა მუდმივმა პოლიტიკურმა ჭიდილმა და ბოლო წუთს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ფისკალური მენეჯმენტის მიმართ ნდობა გააქრო. ამ გარდა, ბევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას არ აქვს საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო და აქვს რთული საბიუჯეტო საპროცედურო პროცესი”, - ვკითხულობთ Fitch-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სავალო ჭერის კონტროლის მექანიზმი კონგრესმა ჯერ კიდევ 1917 წელს მიიღო, რითაც ორგანომ მთავრობის ხარჯვის კონტროლზე დამატებითი ბერკეტი მოიპოვა. დამატებითი კონტროლი გადაიზარდა პოლიტიკურ თამაშად, რომელსაც დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები, როგორც წესი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად მიმართავენ. 1960 წლის შემდეგ, ლიმიტი 78-ჯერ შეიცვალა და ყოველი მათგანი გარკვეულ პოლიტიკურ ვაჭრობასთან და უთანხმოებებთან იყო დაკავშირებული. რესპუბლიკელი პრეზიდენტის დროს სავალო ჭერი 49-ჯერ გაიზარდა, დემოკრატი პრეზიდენტის შემთხვევაში კი - 29-ჯერ. პროცესი ასეთია: მმართველ პარტიას დამატებითი ვალის აღება უწევს, მაგრამ ამისთვის კონგრესის წევრთა ხმათა უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, ხოლო კონგრესის სრული კონტროლი, მოგეხსენებათ, ამერიკაში მარტივი ნამდვილად არ არის, ასე რომ ოპოზიციაში მყოფი პარტია, ვაჭრობას იწყებს. საბოლოო ჯამში, ყველამ იცის, რომ შეთანხმება მაინც მიღწეული იქნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკას დეფოლტის გამოცხადება მოუწევს, რაც ამ დრომდე არასდროს მომხდარა და არც არასდროს უნდა მოხდეს.

დღეს, ამერიკის საგარეო ვალი თითქმის $25 ტრილიონის ტოლია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 96.7%-ს უდრის. ყველაზე მეტი ფული ამერიკას და მის მოქალაქეებს იაპონიის, ჩინეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ მართებს. საგარეო ვალი ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომელსაც სახელმწიფოები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების და მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების გასატარებლად იღებენ. საგარეო ვალის აღება, თავისთავად, არც დადებითი მოვლენაა და არც უარყოფითი, მაგრამ დადებითი და უარყოფითი მხარე მას ისევე აქვს, როგორც ყველაფერს. საგარეო ვალის სარგებელი ისაა, რომ ის ქვეყანას იმაზე სწრაფად განვითარების საშუალებას აძლევს, ვიდრე ეს სახელმწიფო ბიუჯეტით არის შესაძლებელი, რაც გამართულად სტრუქტურირებული ვალის შემთხვევაში, ქვეყანას და შესაბამისად ბიუჯეტს გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ხედავთ, ვალის ჭერის გაზრდაში უცნაური არაფერი არის, მაგრამ Fitch-ის გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინადარი, ჯანეტ იელენი, რომელმაც მას “უსაფუძვლო” და “ძველებური” უწოდა. მისივე თქმით, Fitch-ის გადაწყვეტილება არ ცვლის იმას, რაც ამერიკის მოქალაქეებმა, ინვესტორებმა და ადამიანებმა მთელი მსოფლიოს გარშემო იციან, რომ ამერიკის სახაზინო ობლიგაციები კვლავაც რჩება მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და ლიკვიდურ აქტივად, ხოლო ამერიკული ეკონომიკა კვლავაც ფუნდამენტურად ძლიერია.

მოგვიანებით, მსგავსი პათოსის განცხადება გაავრცელა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, ამერიკული JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯეიმი დაიმონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, Fitch-ის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დაკრედიტების ფასს ბაზარი განსაზღვრავს და არა სარეიტინგო ორგანიზაციები. ჯეიმი დაიმონი ღიად ამბობს იმასაც, რომ სავალო ჭერი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

“პირველი: Fitch-ის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დაკრედიტების ფასს განსაზღვრავს ბაზარი და არა სარეიტინგო ორგანიზაციები. მეორე: Fitch-მა იმ პრობლემებს გაუსვა ხაზი, რომელთა შესახებ უკვე ვიცოდით და მესამე: ამერიკა ჯერაც პლანეტის ყველაზე მდიდარი და უსაფრთხო სახელმწიფოა და სასაცილოა, როცა სხვა ქვეყნებს, რომელთა სტაბილურობას ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ჯარი განსაზღვრავს, ამერიკაზე მაღალი შეფასება აქვთ. ამერიკა მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოა, რომელსაც ერთი მხრიდან ატლანტის, მეორე მხრიდან კი წყნარი ოკეანე აქვს. ჩვენ მსოფლიოს უძლიერესი ჯარი და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ეკონომიკა გვაქვს. კი, არის პრობლემები, რომლებსაც ვიაზრებთ და ვფიქრობ, რომ სავალო ჭერი საერთოდ არ უნდა არსებობდეს”, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა CNBC-სთან საუბრისას.

ჯეიმი დაიმონის პათოსს იზიარებს უორენ ბაფეტიც, რომელიც ამბობს, რომ Fitch-ის მიერ ამერიკის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შემცირებას გავლენა არ აქვს მისი კომპანიის საინვესტიციო სტრატეგიაზე. თუ უორენ ბაფეტის საინვესტიციო მდგრადობა მან წლების წინ დაამტკიცა, იმავეს ვერ ვიტყვით ზოგადად ინვესტორებზე, რადგან Fitch-ის გადაწყვეტილების მედიაში გავრცელების შემდეგ, საცალო ინვესტორებმა აქციების მასობრივი გაყიდვა დაიწყეს, რის გამოც წამყვანმა ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა დაიკლო. არადა, უორენ ბაფეტს თუ დავუჯერებთ, საკრედიტო რეიტინგის შემცირება ის საკითხია, რომელზე ადამიანებმა საერთოდ არ უნდა ინერვიულონ.

“წინა ორშაბათს, Berkshire-მა ათი მილიარდი დოლარის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციები შეიძინა. ათი მილიარდი დოლარის ობლიგაციები ამ ორშაბათსაც ვიყიდით და ერთადერთი კითხვა, რომელიც მომავალი ორშაბათისთვის გვაქვს, ისაა ათი მილიარდი სამთვიან თუ ექვსთვიან ობლიგაციებში ჩავდოთ. არსებობს რაღაცები, რაზედაც ადამიანებმა არ უნდა ინერვიულონ - ეს ერთ-ერთი მათგანია. ამერიკული დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტაა და ეს ყველამ იცის”, - აღნიშნავს უორენ ბაფეტი.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სარეიტინგო სააგენტომ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა - 2011 წლის აგვისტოში, მსგავსი გადაწყვეტილება S&P-მაც მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები