მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უშლის ხელს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას? – მიმოხილვა

5f19c661e8708
თამთა ჯიჯავაძე
23.07.20 23:40
1148
"ინვესტიციების მოზიდვით დაინტერესებული ნებისმიერი ქვეყანა უნდა სთავაზობდეს პოტენციურ ინვესტორს სხვა ქვეყნებზე მეტად მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი და სახელისუფლებო წრეები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მაქსიმალურად გახსნილი და ლიბერალური ეკონომიკური გარემოს შექმნით", – ამის შესახებ ნათქვამია კონრად ადენაუერის ფონდისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლივ მიმოხილვაში, რომელშიც საუბარია პანდემიასა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

დოკუმენტში საუბარია იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას შეიძლება უშლიდეს ხელს. მათ შორის არის ნახსენები დემოკრატიის მხრივ არსებული პრობლემები.

"ჟურნალ The Economist-ის დემოკრატიის ინდექსის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 89-ე ადგილს იკავებს და ჰიბრიდულ რეჟიმად არის მიჩნეული. ინდექსის შეფასების კრიტერიუმებიდან საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ფუნქციონირებასა და პოლიტიკურ კულტურაში აქვს. რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ამ ინდექსის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმით - საკუთრების უფლების დაცვით საქართველო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა. საიმედოდ დაცული საკუთრება კი ნებისმიერი ინვესტორისთვის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია", – წერია მიმოხილვაში.

დოკუმენტის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ამცირებს ის გარემოება, რომ ქვეყანა ღარიბია ბუნებრივი რესურსებით.

"გაუმართავი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა აქაც შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. ამაზე საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს, ინდექს მუნდის თანახმად ლოჯისტიკური წარმადობის კუთხით საქართველო 133-ე პოზიციაზეა, 2.35 ქულით, რაც საშუალოზე დაბალია სარეიტინგო ქულა ერთიდან ხუთამდე ითვლება, სადაც 5 უმაღლესი შეფასებაა). კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე უარყოფითად მოქმედებს, არის კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტი.

აღნიშნულ მოსაზრებას ასევე ამყარებს 2019 წლის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველო საშუალო განათლების (სკოლის დამთავრება) დონის მიხედვით მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის მე-13 პოზიციაზეა, თუმცა კვალიფიციური სამუშაო ძალის, პროფესიული სწავლების, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ცოდნის, სამუშაო ძალაზე ხელმისაწვდომობის კუთხით 125-ე პოზიციას იკავებს", – წერენ მიმოხილვის ავტორები.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც დამატებით ღირებულებას სძენს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, – "თუმცა, აქაც გარკვეულ წინაღობებს ვაწყდებით, რაც ნაკლებად განვითარებული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურით არის განპირობებული, რასაც ემატება საკვანძო სატრანსპორტო/ტრანზიტული მნიშვნელობის პროექტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება. საქართველოს გააჩნია პოტენციალი კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად იქცეს, რაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ ძირითად და აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალი ამ ეტაპზე სრულად ათვისებული არ არის, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით კი ამ ორ ფაქტორს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება".

ამასთან, გარდა ხსენებული ფაქტორებისა და სექტორული გამოწვევებისა, მიმოხილვის ავტორები წერენ, რომ  საერთაშორისო დონორები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, განსაკუთრებით კორონავირუსის ეპოქაში, ასახელებენ ორ ძირითად ფაქტორს: ინვესტორების დაცვა კანონმდებლობით და გამართული სასამართლო სისტემა.