მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვითარებაა საქართველოს მეფრინველეობის სექტორში?

5df238955ef43
შოთა ტყეშელაშვილი
12.12.19 18:05
2776
საქართველოში ყველაზე გავრცელებული ხორც-პროდუქტი ქათმის ხორცია; მხოლოდ 2018 წელს მისმა მოხმარებამ 65,400 ტონა შეადგინა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში ქვეყანაში მოხმარებული ძროხის ხორცის მოცულობა - 29,000 ტონა, ღორის ხორცის კი - 39,100 ტონა იყო.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მოხმარებული ქათმის ხორცის მხოლოდ 34%-ია ადგილობრივი წარმოების, 66% კი - იმპორტირებულ პროდუქტზე მოდის. შედარებისთვის, ძროხის ხორცის მთლიან მოხმარებაში ადგილობრივი წარმოება 77%-იან წილს იკავებს, ღორის ხორცის შემთხვევაში კი, ეს 45%-ია.

სხვადასხვა დასახელების ხორცს შორის ადგილობრივსა და იმპორტულ პროდუქტს შორის ამგვარი სხვაობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა საქართველოს საგადასახადო კოდექსი იყოს.

კოდექსის 168-ე მუხლის “ფ” პუნქტის მიხედვით, - “საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა კვერცხისა და ქათმის) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დღგ-ისგან გათავისუფლებულია.”

შესაბამისად, ქათმის ხორცის და კვერცხის ინდუსტრია მთელს სოფლის მეურნეობის სექტორში არის ერთადერთი, რომელიც დამატებითი ღირებულების გადასახადით იბეგრება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს (11 თვეში) დღგ-ის სახით მწარმოებლებმა 8 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, 7.5 მილიონი ლარი გადაიხადეს.

მთლიანობაში, ფრინველის ხორცის წარმოების და უფრო მეტად კი, იმპორტის სფეროს ბრუნვა საკმაოდ დიდია. მხოლოდ 2018 წელს იმპორტი - $62,2 მილიონ დოლარს ანუ 2018 წლის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, 166,6 მილიონ ლარს შეადგენდა. ადგილობრივი წარმოების გათვალისწინებით, სფეროს ჯამური ბრუნვა დაახლოებით, 250 მილიონ ლარს შეადგენდა.

შედარებით განსხვავებული ვითარებაა კვერცხის ბაზარზე, რომელიც ხორცისგან განსხვავებით, ადგილობრივ მომხმარებას პრაქტიკულად სრულად აკმაყოფილებს. საქსტატის მიხედვით, ბაზარზე არსებული კვერცხის 99% ადგილობრივი წარმოებისაა.

მონაცემებით, საქართველოში გასული წლის განმავლობაში კვერცხის წარმოებამ 634 მილიონი ცალი შეადგინა, რაც მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობასთან მიმართებით (სურსათზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტების მხრიდანაც იქმნება) წლიურად ერთ მოსახლეზე 170 კვერცხს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ მოქალაქეები კვერცხს ორ დღეში ერთხელ მიირთმევენ.

იმის მიზეზი თუ რატომ იკავებს ქართულ ბაზარს ადგილობრივი წარმოების კვერცხი, როდესაც ქათმის ხორცის მიმართულებით იმპორტი ბაზრის ⅔-ს იკავებს შესაძლოა იყოს ის, რომ ხორცის შენახვისგან განსხვავებით (გაყინულ მდგომარეობაში კონტეინერებში დაფასოებული), კვერცხის დიდი დროით შენახვა და შორ მანძილზე ტრანსპორტირება შესაძლოა ლოგისტიკურ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დარგობრივი სიახლოვის მიუხედავად, ქათმის კვერცხის წარმოება და ქათმის ხორცის წარმოება ერთმანეთისგან განსხვავებული ბიზნესებია. სრულად განსხვავებულია ის ჯიშებიც, რომლებიც კვერცხისა და ხორცის წარმოების მიმართულებით მოჰყავთ ფერმერებს.

ქათმის ხორცის და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების ინფორმაციით, პრობლემად კვლავ რჩება კომბინირებული საკვებისათვის საჭირო ინგრედიენტების და მოწყობილობა-დანადგარების შესაძენად აუცილებელი ინვესტიციების მაღალი ოდენობა, რაც კომპანიებისთვის ლარის გაუფასურების ფონზე სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებულლი.

სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებით გამოწვეული ნედლეულის გაძვირებაა მიზეზი, რის გამოც საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კვერცხის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. თუ 2014 წლის მეოთხე კვარტალში ერთი კვერცხის საშუალო სარეალიზაციო ფასი 26.6 თეთრი იყო, 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ფასი 33.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ერთი კილოგრამი ქათმის ხორცის საშუალო ფასს, ის 7.09 ლარი ღირს, რაც 2014 წელს არსებულ ფასთან შედარებით 10%-ით მეტია. აქაც ფასის მატება სავარაუდოდ, ლარის გაუფასურების მიერ პროდუქციის თვითღირებულების ზრდას უკავშირდება.