მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის ანგარიშში?

6078058ce3958
სალომე მეცხვარიშვილი
15.04.21 13:18
1004
კომუნიკაციების კომისია დღეს დაგეგმილ სხდომაზე კომპანია “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის, მარიამ სულაბერიძის შეცვლის თაობაზე იმსჯელებს - ამის შესახებ კომისიის დღის წესრიგის ჩანაწერიდან ირკვევა.

სპეციალური მმართველის თანამდებობას ამ დრომდე მარიამ სულაბერიძე იკავებდა, რომელიც პარალელურად სახელმწიფო ა(ა)იპ-ის "ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელია. ეს ა(ა)იპ-ი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ასრულებს. რატომ ცვლის კომისია სპეცმმართველს, ჯერჯერობით უცნობია და მიზეზები დღევანდელ სხდომაზე უნდა გაირკვეს.

მარიამ სულაბერიძე “კავკასუს ონლაინის” მმართველად 2020 წლის 1 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით დაინიშნა. 25 მარტს სპეციალურმა მმართველმა კომუნიკაციების კომისიას 5-თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ნაწილი სპეციალური მმართველის მოთხოვნით კომერციულ საიდუმლოდ ცნეს, ნაწილი კი ახლახან გასაჯაროვდა.

კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის მიზანი იყო, რომ მარიამ სულაბერიძეს საწყის მდგომარეობაში დაებრუნებინა “კავკასუს ონლაინის” გასხვისებული წილები. რამდენადაც ტრანზაქცია კომუნიკაციების კომისიასთან არ შეთანხმებულა, ამიტომ მარეგულირებელი ცვლილებას უკანონოს უწოდებს. კახა ბექაურის უწყება ტრანზაქციის შებრუნებას ითხოვს. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, “კავკასუს ონლაინში” წილები საწყის მდგომარეობაში არ დაბრუნებულა, ამიტომ კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით ჯერ კანონი შეიცვალა და მარეგულირებელს კომპანიაში სპეცმმართველის დანიშვნის უფლება მიეცა, შემდეგ კი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა “კავკასუს ონლაინში”.

რაც შეეხება თავად ანგარიშს, რომელიც 4-გვერდიანია, მისი დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. როგორც სპეციალური მმართველის ანგარიშიდან ირკვევა, მარიამ სულაბერიძემ დანიშვნისთანავე დაიწყო კომპანიაში არსებული პროცესებისა და ფინანსური გადარიცხვების შესწავლა. შედეგად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სპეციალურმა მმართველმა გამოითხოვა ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა:

- საინფორმაციო, საკონსულტაციო და სხვა პროფესიული მომსახურების ხარჯები;
- 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით დეტალური ტრანზაქციები ბუღალტრული სისტემიდან;
- მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელფასო ხელშეკრულებები და დარიცხული ხელფასები-ბენეფიტები - საუბარია ბოლო 3 თვის მონაცემებზე
მნიშვნელოვანი კონტრაქტები, მათ შორის სასესხო ვალდებულებები;
- ინფორმაცია სამართლებრივი დავების, ადმინისტრაციული წარმოებების შესახებ, სადაც "კავკასუს ონლაინი" წარმოადგენს მხარეს; 
- 2020 წლის 1-3 კვარტალის ფინანსური ანგარიშები და ა.შ.

“კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის ანგარიშში მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ შეადგინეს კომპანიის ფინანსური და სამართლებრივი ანალიზის ტექნიკური დავალება (ეს ინფორმაცია დახურულია). აქვე მითითებულია, რომ აღნიშნული ტექნიკური დავალება დაეგზავნათ საერთაშორისო აუდიტორიულ კომპანიებს, რათა ბაზრის კვლევა ეწარმოებინათ, წინადადებების წარდგენისთვის კი მათ ვადა 16 მარტამდე ჰქონდათ.

სპეციალური მმართველი ანგარიშში მიუთითებს, რომ 1 ოქტომბრიდან - 1 მარტის პერიოდში კომპანიას არ ჰქონია რაიმე სახის შეფერხება საქმიანობის განხორციელების კუთხით; სპეცმმართველი კი ხელს უწყობდა კომპანიის გენერალურ დირექტორს ყოველდღიური საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელებაში.

“კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილ ანგარიშში საუბარია, რომ იანვარში მიმართა "კავკასუს ონლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თემურ თაგიევმა.

მარიამ სულაბერიძის თქმით, თემურ თაგიევი, ერთი მხრივ, ითხოვდა კონკრეტულ მემორანდუმზე ხელმოწერას, რაზეც სპეციალურმა მმართველმა უარი განაცხადა. მეორე მხრივ კი “კავკასუს ონლაინის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ითხოვდა, გამიჯნულიყო უფლებამოსილებები და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად არ ყოფილიყო საჭირო სპეციალური მმართველის თანხმობა. მარიამ სულაბერიძის ანგარიშის მიხედვით, თემურ თაგიევი ითხოვდა, სპეცმმართველის თანხმობის გარეშე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება ყოფილიყო შესაძლებელი, როგორიცაა, მაგალითად, პარტნიორთა და სამეთვალყურეო საბჭოს კრების მოწვევა, წლიური ფინანსური ანგარიშების დამტკიცება, ხელშეკრულებების დადება ან შეწყვეტა, სასამართლოების წინაშე შესაგებლების წარდგენა და ა.შ.

“ვინაიდან შემოთავაზებული იყო ყველა მნიშვნელოვანი კორპორაციული უფლებამოსილების განხორციელება სპეციალურ მმართველთან შეთანხების გარეშე, რაც ეწინააღმდეგებოდა კომისიის გადაწყვეტილების არსს, უარი განვაცხადე უფლებამოსილებების მსგავს გამიჯვნაზე. აღნიშნულ მოთხოვნაზე ბატონი თაგიევისთვის დასაბუთებული უარის თქმის შემდეგ მსგავსი წერილით მომმართა შპს "კავკასუს ონლაინის" მეორე პარტნიორის International Online Networks Limited-ის დირექტორმა ქალბატონმა თამარ იდაძემ. შესაბამისად, მასაც გაეგზავნა დასაბუთებული უარი”, - ნათქვამია ანგარიშში.

აქვე საუბარია, რომ მისი სპეცმმართველობის პერიოდში, ის მონაწილეობდა თიბისი ბანკთან გამართულ შეხვედრებში, რომლებიც ეხებოდა კომპანიისთვის სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაციას, რაც წარმატებით დასრულდა.