მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში სასტუმრო „ციბენა“ გაფართოვდა - ინვესტიცია 150 000 ლარამდეა

60d1b34f8074e
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.21 23:00
7502
სტუმარმასპინძლობის სექტორში, რაჭაში 2004 წლიდან მოქმედი სასტუმრო „ციბენა“ პანდემიის მიუხედავად, 150 000 ლარამდე ინვესტიციით გაფართოვდა.

200 კვ.მ-ზე განთავსებული 6 პანორამული ტიპის ოთახი, ჯაკუზი, ვერანდა და საერთო რეკრეაციული სივრცე - სასტუმრო მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს ამ სიახლეებით შეხვდება.



როგორც BM.GE-ს სასტუმროს მენეჯერმა თინათინ ჭელიძემ განუცხადა, ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის რთულ პერიოდში სასტუმროს გაფართოებისთვის ბიძგი გასული წლის ზაფხულში დატვირთულობის მაღალმა მაჩვენებელმა მისცათ.

„გასულ წელს 15 ივნისის შემდეგ სასტუმრო სეზონის გახსნის შემდეგ „ციბენა“ ადგილობრივი ტურისტების ხარჯზე დაიტვირთა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი საზღვრების გამო უცხოელი ტურისტები არ გვყოლია, ქართველები ყველა კუთხიდან გვსტუმრობდნენ. პანდემიის პერიოდში არსებული მდგომარეობის გამო ჩვენ მოველოდით, რომ ბევრი სტუმარი არ გვეყოლებოდა, თუმცა ივლისის, აგვისტოს და რთველის პერიოდში სასტუმრო დიდი დატვირთვით მუშაობდა. პანდემიის მიუხედავად, ასეთმა დატვირთულობამ გვიბიძგა, რომ სასტუმროს გაფართოებაზე გვეფიქრა და ჩვენი გეგმები სისრულეში მოგვეყვანა.  

გეგმაში აუზის გაკეთებაც გვქონდა, რადგან ჩვენი დამსვენებლები ამას აქტიურად მოითხოვენ, თუმცა არსებული მდგომარების გამო, აუზის მოწყობა დროებით გადავდეთ. ნომრების დამატების გეგმებს ვეღარ გადავდებდით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ“, - განმარტა სასტუმროს მენეჯერმა. 



დღეისთვის სასტუმრო 4 კოტეჯს, 8 ნომერსა და 6 პანორამულ ოთახს მოიცავს.

„4 ნომერი იქნება ჯაკუზით, 2 ნომერს ექნება აივანი, საერთო დიდი ვერანდა და ცალკე მოსასვენებელი სივრცე. გაფართოების იდეას შეგვეძლო სტანდარტულად მივდგომოდით, თუმცა პროცესს შემოქმედებითად შევხედეთ. მოწყობის სამუშაოები აპრილში დავიწყეთ, 2 ოთახი უკვე გავხსენით და დაახლოებით ივლისის დასაწყისისთვის დანარჩენ 4 ახალ ნომერსაც ავამოქმედებ“, - უთხრა BM.GE-ს „ციბენას“ მენეჯერმა.

დღეს, სასტუმროს 2-ადგილიან სტანდარტულ ნომერში განთავსების ღირებულება 120 ლარია, ხოლო პანორამული ნომრების ღირებულება 200-დან 250 ლარამდე, სტუმრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.


ცნობისთვის, სასტუმრო „ციბენა“ 2004 წლიდან როგორც საოჯახო ტიპის სასტუმრო მოქმედებდა. 2014 წლიდან სასტუმრო გაფართოვდა და 4 კოტეჯი დაემატა, ხოლო 2017 წლიდან სასტუმროს ტიპის შენობაც აშენდა. დღეისთვის სასტუმრო ზაფხულის სეზონზე სამ ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები