მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია ვაშლიჯვრის გზაზე მეწყერული პროცესის გააქტიურება - მერიის განმარტება

605313a2584f7
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.21 12:44
3255
თბილისში, ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, რასაც საზოგადოების და სპეციალისტების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დღეს გამართულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მეწყერული პროცესების გააქტიურება წლების განმავლობაში ამ მონაკვეთზე წარმოებული პროექტების შედეგია, რასაც თან ბუნებრივი ფაქტორებიც დაერთო.

„ეს რაიმე კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა, ეს წლების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოების და ასევე ბუნებრივი ფაქტორების შედეგია. მეწყერული პროცესების გააქტიურება რამდენიმე დღეა რაც მოხდა და ჩვენ ფორსმაჟორულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვხსნათ. რაც შეეხება დოკუმენტებს და ინფორმაციას, ეს დოკუმენტები არ არის დასამალი და ყველაფერი საჯაროა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნულ ფაქტზე, მერის მოადგილე ამბობს, რომ დღეს მთავარია ამ პროცესის შეჩერება და არა მტყუან-მართალის გარკვევა. მისივე თქმით, ფაქტს დეტალური შესწავლა და გამოკვლევა სჭირდება.

„პასუხისმგებლობის საკითხი, რომ დასვა და თქვა კონკრეტულ პიროვნებაზე ან კომპანიაზე, რომ ეს არის პასუხისმგებელი, ზუსტად უნდა იცოდე, 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო ამ მეწყერულ პროცესთან დაკავშირებით გამომწვევ ფაქტორებში. აქ რამდენიმე ფაქტორია, ამას სჭირდება კონკრეტული და დეტალური კვლევები, რომ განისაზღვროს რამ გამოიწვია ეს პროცესი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს გზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია დედაქალაქში, აუცილებელია დროულად მოხდეს ამ გზის უსაფრთხოდ გახსნა და არ ვეძებოთ მტყუან-მართალი... დანარჩენი ეტაპობრივად, ყველა მოქმედება განხორციელდება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე მტკიცებით, მერიამ მაჭავარიანისა და მარშალ- გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის განხორციელების დაწყებამდე დეტალური კვლევა ჩაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საქმიანობა.

„მერიის მიერ განხორციელებული პროექტები, ვგულისხმობ მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, ამ სამუშაოების დაწყებამდე გაკეთდა დეტალური პროექტი, იყო გეოლოგების დასკვნები, ექსპერტიზები და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ამ სამუშაოების დაწყება. ცნობისთვის, მეწყერული პროცესი დაწყებულია მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ხოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის მაჭავარიანის ქვედა ნაწილში.

რამდენიმე მედია წინა თვეებში გვესაუბრებოდა დაგვიანებულ პროექტზე და ზუსტად იმის გამო, რომ დარწმუნებული გვინდა ვიყოთ, რომ გზის მშენებლობა და გადაადგილება იქნება უსაფრთხო, ამიტომ მიმდინარეობს დეტალური კვლევები და შედის ცვლილებები პროექტში.

მერიასთან ერთად ჩართულები არიან დარგის სპეციალისტები და შესაბამისი უწყებები. მათი რამდენიმე რეკომენდაციაა ამ ეტაპზე, რომელთა ნაწილი უკვე შესრულებულია. ერთ-ერთი იყო გადაადგილების შეზღუდვა. რამდენიმე გეოლოგი არ მუშაობს, უამრავი ადამიანია ამაზე დასაქმებული, მონიტორინგზე იყო საუბარი და ამ მეწყერული პროცესის მონიტორინგი ხორციელდება. საუბარი იყო კვლევა- პროექტირებაზე და სამუშაოების განხორციელებაზე და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და ამის პირველად მონაცემების შემდეგ შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება“, - განმარტა ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილემ მედია საშუალებებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„მინდა ყველა მედია საშუალებას ვთხოვო - ნუ შექმნიან ისეთ ფონს, თითქოს მერია ან სახელმწიფო უწყებები ინფორმაციის მალავენ. პირველი განცხადება ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ სწორედ მერიამ გაავრცელა და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია მოსახლეობას იქ არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით და მოძრაობის შეზღუდვებთან დაკავშირებით“, - თქვა ბენდელიანმა.