14.დეკემბერი .2019 16:30

რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის გადასახადს?

views 724
უკან

შემოსავლების სამსახურის მიერ BM.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტში იჯარის გადამხდელი ფიზიკური პირების რაოდენობამ მთელ საქართველოში 4 340 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 55 % -ით ნაკლებია. (2018 წლის 9 თვე -9,773 ადამიანი ) .

ქონების იჯარის გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის კლების ფონზე, შემცირდა ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ კი 2018 წლის 9 თვეში ამ გადასახადიდან ბიუჯეტში 33 167 448.7 ლარი შევიდა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კი მხოლოდ 9 286 910.7 ლარი.

BM.GE-ს კითხვაზე, რა რაოდენობის შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავების შედეგად 2019 წელს (იანვარი-სექტემბერი), შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების განაწილება ხდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის N2440–II დანართის მიხედვით და შესაბამისად ინფორმაციას, გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობის შესახებ ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ ქონების საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან ვერ მოგვაწვდიან.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, 18 წლის 30 მაისის N2391 ბრძანების "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან იჯარის გაცემით მიღებული შემოსავლების დეკლარირებას და გადახდას აღარ ახორციელებს ფიზიკური პირი (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარმოდგენის და გადახდის სავადო თარიღია მომდევნო წლის 31 მარტი. შესაბამისად, 2019 წელს "ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლები" იბეგრება გადახდის წყაროსთან და ამ ნაწილში გადახდილი საშემოსავლო გადასახადი საბიუჯეტო შემოსულობებში აისახება "დამქირავებლის მიერ დაკავებულ საშემოსავლო გადასახადში".

დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი კი 2019 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის გაზრდილი. 2019 წლის 9 თვეში გადამხდელთა რაოდენობამ შეადგინა 66 591, ბიუჯეტში შესულმა თანხამ კი 2 292 355 603 ლარი. 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გადამხდელთა რაოდენობა შეადგენდა 66 376-ს, გადახდილი გადასახადი კი – 2 156 337 909 ლარს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა