მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა “ბორჯომი ლიკანს” პანდემიამდე

5fd7bda4355fb
შოთა ტყეშელაშვილი
15.12.20 00:00
1298
სს “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი” 151-ნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება. 2018 წლამდე სასტუმრო “Rixos”ის ბრენდის სახელით საქმიანობდა, რის შემდეგაც სახელი შეეცვალა და “ბორჯომი-ლიკანი” გახდა. სასტუმროში სირთულეები COVID-19-ის პანდემიამდე დაიწყო, კომპანიის 2019 წლის აუდიტორული ანგარიშის თანახმად, “ბორჯომი ლიკანმა” 2019 წელს 9.9 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

სასტუმროს ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ობიექტმა მთლიანობაში 11.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით მეტი იყო. ანგარიშიდან ირკვევა, რომ სასტუმროს ზარალი კომპანიის ფინანსურ ხარჯებს უკავშირდებოდა. გასულ წელს ობიექტმა 20 მილიონი ლარის ახალი სესხი აიღო, ხოლო პროცენტის მომსახურებაზე კი 9.2 მილიონი ლარი დახარჯა. ჯამურად, კომპანიას 50.7 მილიონი ლარის სესხი აქვს საპარტნიორო ფონდის მიმართ, 18.7 მილიონი ლარის სესხი კი - თიბისი ბანკის მიმართ.

სასტუმროს მმართველობითი ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ობიექტის დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 53% იყო, სტუმრების რაოდენობამ კი, წლის განმავლობაში 52,903 შეადგინა. დოკუმენტის თანახმად, წლის განმავლობაში ნომრის საშუალო დღიურმა ღირებულება (ADR) 315 ლარს შეადგენდა.

“მარტის თვიდან კომპანიამ დროებით შეაჩერა საოპერაციო საქმიანობა და დახურა სასტუმრო საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19 პანდემიის გავრცელების შემცირების მიზნით გამოცემული მითითებისა და ბრძანებების შესაბამისად. ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს კომპანიის შემოსავლებზე, საოპერაციო შედეგებსა და ფულადი სახსრების შემოდინებაზე. მოცემული გარემოების გავლენის ეფექტი ნაწილობრივ დამოკიდებულია დაწესებული შეზღუდვების ხანგრძლივობაზე და ნაწილობრივ მომხმარებლების მიერ სასტუმროს მომსახურების გამოყენების დაწყებაზე (მომხმარებლების ქცევაზე)", - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

სასტუმროს 100%-იანი წილის მფლობელი “საპარტნიორო ფონდი” ობიექტის გაყიდვას/იჯარით გადაცემას ცდილობს. “საპარტნიორო ფონდმა” სასტუმროს რეალიზაციის/იჯარის მიზნით გაცემის მიზნით პირველი საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს მინიმალური საწყისი ფასი $37.5 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა. ხელმეორე აუქციონი 2020 4 სექტემბერს გამოცხადდა, რომელზეც სასტუმროს სარეალიზაციო ფასი $30 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა ეს აუქციონიც პოტენციური მყიდველების არარსებობის გამო ჩაიშალა.