21.ოქტომბერი .2020 09:00

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა “Crowne Plaza ბორჯომს” პანდემიამდე

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა “Crowne Plaza ბორჯომს” პანდემიამდე
views 2386
უკან

საქართველოში Crowne Plaza-ს ბრენდით ერთი სასტუმრო ოპერირებს. ქრაუნ პლაზა ბორჯომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის სასტუმროა, მისი მფლობელია კომპანია შპს “პარკ ჰოტელი”, რომელმაც სასტუმრო კომპლექსი 2015 წელს მრავალმილიონიანი ინვესტიციის შედეგად გახსნა.

სასტუმრო კომპლექსი 101 ნომერს, რესტორნებს, სპა ცენტრსა და პარკს აერთიანებს.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში სასტუმროს შემოსავალი 1.1 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 11.15 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, ქრაუნ პლაზას წმინდა მოგება გასულ წელს 772 ათასი ლარი იყო.

უფრო დეტალურად, “ქრაუნ პლაზას” შემოსავლები 2019 წელს ასეთი იყო:

● სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 6.42 მილიონი ლარი;
● ბარიდან და რესტორნიდან მიღებული შემოსავალი - 3.9 მილიონი ლარი;
● სპა და სხვა გამაჯანსაღებელი მომსახურებები - 0.8 მილიონი ლარი.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს სასტუმროსთვის მთავარ ხარჯს თანამშრომელთა ხელფასები წარმოადგენდა, რისმა მოცულობამაც 3.2 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები იყო კომუნალური ხარჯები, რაც 0.7 მილიონ ლარს აღემატებოდა, IHG-ისთვის გადასახდელი სალიცენზიო მოსაკრებელი, რაც 660 ათას ლარს შეადგენდა, სარემონტო ხარჯები, რაც 500 ათას ლარს შეადგენდა. ამასთან, სასტუმროსთვის აქტივების ცვეთის ხარჯმა 1.5 მილიონი ლარი შეადგინა.

2019 წლის 31 დეკემბრისთვის სასტუმროს აქტივები 28 მილიონ ლარი იყო.

კომპანიის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს სასტუმროს დასმევენებელთა 42%-იანი წილი საქართველოს მოქალაქე იყო. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დამსვენებელთა 11%, დსთ-დან კი 14% სტუმრობდა ბორჯომს. სხვა ქვეყნების მოქალაქეები კი 2019 წელს ქრაუნ პლაზას დამსვენებელთა 34%-ს შეადგენდნენ.

2019 წელი არამარტო ბორჯომისთვის, არამედ მთლიანად ტურისტული სექტორისთვის რეკორდული შემოსავლებით გამოირჩეოდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველომ ტურიზმიდან გასულ წელს $3 მილიარდზე მეტი მიიღო. ქვეყანამ ჯამურად 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო, საიდანაც 5 მილიონი ტურისტი იყო და ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩა.

“COVID-19-ის შედეგად გამოწვეულმა მოგზაურობის შიშმა და ჩაკეტილმა საზღვრებმა გამოიწვია 2020 წლის პირველ ექვს თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 67%-იანი კლება, რა თქმა უნდა, ასევე აისახა შპს პარკ ჰოტელის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო “Crowne Plaza Borjom”-ზეც, რაც გამოიხატა დატვირთულობისა და შესაბამისად შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირებით, კერძოდ: 2020 წლის 23 მარტიდან 15 ივნისამდე (ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობისა და სახელმწიფოს მიერ კომპანიებისავის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების აკრძალვის დასრულებამდე) სასტუმრო იძულებული გახდა დროებით შეეჩერებინა საოპერაციო საქმიანობა. ხოლო 15 ივნისიდან, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ნებართვის მოპოვების შემდგომ, სასტუმრომ რეგულაციებისა და წესების დაცვით განაახლა სტუმრების მიღება. როგორც მოსალოდნელი იყო, არარეზიდენტი სტუმრებისათვის ჩაკეტილი საზღვრებისა და დაინფიცირების შიშის გამო, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით არსებითად შემცირდა მიმდინარე წლის დატვირთულობა,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა