მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი ჰქონდათ Radisson თბილისსა და ბათუმს პანდემიამდე

5fcfc82e842e5
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.20 00:00
3032
საქართველოში Radisson-ის ბრენდით სულ სამი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ოპერირებს, მათგან ერთი - თბილისში, მეორე ბათუმში, მესამე კი წინანდალში მდებარეობს. მათგან ორს - "რადისონ ბლუ ივერიას" და "რადისონ ბლუ ბათუმს" კომპანია “ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ ჯგუფი” ფლობს. კომპანიამ 2019 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სასტუმროების შემოსავლებსა და ხარჯებს ასახავს. 

ანგარიშის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში სასტუმროს შემოსავალი 2.4 მილიონი ლარით გაიზარდა და ის 57.8 მილიონ ლარს მიაღწია. კომპანიის წმინდა მოგება კი 2018 წელს არსებული 3.56 მილიონი ლარიდან 2019-ში 13.4 მილიონ ლარის ზარალამდე შემცირდა. დოკუმენტის მიხედვით, ზარალი გაზრდილ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდებოდა. 

უფრო დეტალურად, Radisson თბილისისა და ბათუმის შემოსავლები 2019 წელს ასეთი იყო: 

● შემოსავალი ნომრებიდან და საკონფერენციო დარბაზებიდან - 37.2 მილიონი ლარი; 
● საკვებისა და სასმელის გაყიდვა - 16.1 მილიონი ლარი; 
● სპა და სხვა გამაჯანსაღებელი მომსახურებები - 1.9 მილიონი ლარი; 
● შემოსავალი ღონისძიებებიდან - 0.93 მილიონი ლარი; 
● სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი - 1.56 მილიონი ლარი. 

Radisson-ის ბრენდით სასტუმროს ოპერირება რეზიდორ ჰოტელს იუქეი ლიმიტედთან გაფორმებული ხელშეკრულების მეშვეობით ხდება. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, “ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ ჯგუფისთვის” ბრენდის ფრენჩიზის ღირებულება ერთ-ერთი წამყვანი ხარჯია, რაშიც 2019 წელს კომპანიამ 5 მილიონი ლარი გადაიხადა. 

ამასთანავე, სასტუმროსთვის სხვა მნიშვნელოვანი საოპერაციო ხარჯები იყო ხელფასები, რომელთა მოცულობაც 2019 წელს 5 მილიონი ლარი იყო, მარაგების შესყიდვისა და მოხმარების ხარჯები ფინანსური ანგარიშის თანახმად 7.4 მილიონი ლარი, კომუნალური ხარჯები კი 2.17 მილიონი ლარი იყო. მთლიანობაში სასტუმროების საოპერაციო ხარჯებმა 26.65 მილიონი ლარი შეადგინა. 

2019 წელს კომპანიისთვის ზარალის მიზეზი გაზრდილი ფინანსური ხარჯი გახდა, მათ შორის გაცვლითი კურსის ზარალი 11 მილიონ ლარს, საიჯარო ვალდებულების საპროცენტო ხარჯი კი 16 მილიონ ლარს შეადგენდა. 

2019 წლის 31 დეკემბრისთვის "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ ჯგუფის" აქტივები 246.7 მილიონ ლარი იყო. 

მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს სასტუმროს დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 3.8%-ით, 70.8%-მდე გაიზარდა. 

ანგარიშის თანახმად, კომპანიის საბოლოო მფლობელი სილქ როუდ გრუპია. 

2019 წელი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის რეკორდული შემოსავლებით გამოირჩეოდა. 9 მილიონმა ვიზიტორმა, მათ შორის 5-მა მილიონმა ტურისტმა საქართველოში $3 მილიარდი დოლარი დახარჯა.