რამდენი მილიონით დაფინანსდება ტურიზმის ადმინისტრაცია 2021-ში და რას ელის მთავრობა
სალომე მეცხვარიშვილი
19.10.20 10:43
• 1787
მომავალ წელს საქართველოს მთავრობა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის 12 მილიონ 680 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
როგორც 2021 წლის სახელწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტიდან ირკვევა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხა, დაახლოებით, 10 მილიონით ნაკლებია ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი (22.6 მლნ) და 4-ჯერ ნაკლები, ვიდრე 2019 წელს სსიპ-ის დაფინანსება (50.6 მლნ).
პროგრამულ ბიუჯეტში, რომელიც ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ახლავს, ვკითხულობთ, რომ პროგრამის მიზანია, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაცია; ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარება და არსებული ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია (მარშუტების შემუშავება, პროდუქტის ბეჭდური-საინფორმაციო მასალის მომზადება); მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.
"მთავრობის მიზანია, ამ ნაბიჯებით გაზარდოს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი და 2021-2024 წლებში მიაღწიოს 2019 წლის მონაცემზე (9 357 964 საერთაშორისო მოგზაური) 10%-ით გაზრდილ მაჩვენებელს", - წერია დოკუმენტში.
ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში, ასევე, აღნიშნულია, რომ სამიზნე მაჩვენებლისთვის რისკი, შესაძლოა, იყოს ეპიდსიტუაცია მსოფლიოში და სამიზნე ჯგუფების დაბალი აქტივობა.
შეგახსენებთ: 2019 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის - 9.36 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი მიიღო, რომელთაგან 5 მილიონი ვიზიტი ტურისტული ხასიათის იყო. ამ ტურისტებმა ქვეყანაში $3 მილიარდზე მეტი დახარჯეს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის უახლეს სტატისტიკას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სექტემბრის განმავლობაში საქართველოს საზღვარი სულ 50,499-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 94%-ით ნაკლებია. სექტემბერში ყველაზე მეტი -18,540 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული.
გასული თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა მხოლოდ $15.6 მილიონი დოლარი დახარჯეს, ეს 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 95%-ით ნაკლებია. მხოლოდ ბოლო ორი თვის - აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან წლიურ ჭრლში $700 მილიონი დოლარით არის შემცირებული. უფრო დეტალურად - სექტემბერში ტურიზმის შემოსავლების კლებამ 303 მილიონი დოლარი, აგვისტოში კი - 397 მილიონი დოლარი შეადგინა.