მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა კოვიდ-ინფიცირებულმა ისარგებლა „რემდესივირით“ - თამარ გაბუნია პრეპარატის ეფექტურობაზე

602a3c04f1e8d
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.21 22:00
861
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეისთვის „რემდესივირზე“ მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა. აქედან კლინიკურ ექსპერტთა კომისიამ 167 მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამ ჯგუფში გარდაცვალების მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილე კონკრეტულ შემთხვევებში პრეპარატის ეფექტურობაზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ამის მეცნიერული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

„პაციენტების მდგომარეობა, ვინც იღებს „რემდესივირს“ დამაკმაყოფილებელია. ამ ჯგუფში ორი იყო გარდაცვალების შემთხვევა და დანარჩენებიდან ზოგმა დაასრულა მკურნალობა, ნაწილი კვლავაც რჩება კლინიკაში. თუ რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა „რემდესივირით“, ამ ტიპის მონაცემები ჩვენ ამაზე მსჯელობის საშუალებას არ გვაძლევს. ეს არ არის კლინიკური კვლევა. ეს "რემდესივირის" გამოყენებაა კლინიკურ პრაქტიკაში. პაციენტების უმრავლესობა, რომლებმაც "რემდესივირი" მიიღეს, გამოჯანმრთელდნენ ან მკურნალობას აგრძელებენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს შედეგი აუცილებლად „რემდესივირის“ ეფექტს უკავშირდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ პრეპარატის გამოყენება მისაღებია, მიუხედავად იმისა რომ WHO ამის რეკომანდაციას არ იძლევა.

"მივყვებით იმ რეკომენდაციას, რაც აღწერილია FDA-ის დასკვნაში, რაც გაწერილია ჩვენს გაიდლაინში და ასევე ამას მხარს უჭერს ამერიკის სამედიცინო საზოგადოება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ აძლევს „რემდესივირის“ გამოყენებას რეკომენდაციას ამ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან რომ მან საკმარისი მტკიცებულებები "რემდესივირის" ეფექტურობის ცალსახად დასადასტურებლად ამ დროისთვის ვერ მოიპოვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „რემდესივირის“ გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში აკრძალულია. პრაქტიკა არაერთგვაროვანია და ჩვენი მიდგომა იყოს ის, რომ ქართველ პაციენტს უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა იმ საშუალებაზე, რომლის ეფექტურობა გარკვეულწილად იმედისმომცემია და პერსპექტივაში სარგებლიანი შეიძლება იყოს. სარგებლის და რისკის გათვალისწინებით კლინიკური ექსპერტების ჯგუფი იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - თქვა გაბუნიამ.