მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აძლევს სპორტი ქვეყანას? - ზაზა ფაჩულიას მოსაზრება

62dd135b0cf69
თამთა ჯიჯავაძე
24.07.22 19:00
846
რას აძლევს სპორტი ქვეყანას? - ამ კითხვას კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემა „ბარში“ უპასუხა. მისი თქმით, სპორტი ირიბად თუ პირდაპირ ბევრ სფეროს უკავშირდება და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„კარგი კითხვაა, თუმცა ჩემგან ცოტა მიკერძოებული გამოვა პასუხი, გამომდინარე იქიდან რომ სპორტის წარმომადგენელი ვარ. სპორტი როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ ბევრ სფეროს უკავშირდება - ეკონომიკა, პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება", - აღნიშნა სპორტსმენმა და თავისი მეგობრის ისტორია გაიხსენა:

"ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორიაა ჩემი ბავშვობის მეგობრის, გიორგი ჩავლეიშვილის ისტორია. მე და გიორგი ჩავლეიშვილი ერთად გავიზარდეთ. ის ამერიკაში სკოლაში სწავლობდა დაფინანსებით, შემდეგ როგორც კალათბურთელმა კოლეჯშიც მიიღო სრული დაფინანსება. მახსოვს ერთი წლის შემდეგ დამირეკა და მითხრა, „მე გამიჭირდება NBA-ში მოხვედრაო, იქ დაფრინავენო. კალათბურთს თავს არ დავანებებ, მაგრამ განათლებაზე მინდა ავაწყო ჩემი კარიერა“-ო.

თავიდან მეწყინა, მაგრამ რაც უფრო ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ ძალიან ჭკვიანურად ფიქრობდა. თან ისე მოხდა, რომ ამერიკაში კოლეჯში გიორგის კლასელი ნელსონ მანდელას შვილიშვილი იყო. დღეს გიორგი წარმატებული ბიზნესმენი და ანტერპრენიორია, კერძო სკოლა აქვს - „ლოგოსი“. ამერიკაში ბევრი ბავშვი ჰყავს გაშვებული. ეს სპორტის დამსახურებაა. ერთ წელიწადში არაფერი ხდება, მაგრამ პატარ-პატარა გამარჯვევებით შესაძლებელია“, - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემა ისაა, რომ ხშირად „დიდ სურათს ვერ ვხედავთ“ და მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ.

„მესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ახლა არ არის ისეთი სიტუაცია, მაგრამ ალბათ თავს ძალა უნდა დავატანოთ და ცოტა დიდ სურათს შევხედოთ, როგორც ეს გიორგი ჩავლეიშვილმა გააკეთა. ეს ისტორია ყოველთვის მომყავს იმის დასტურად, თუ რა შეიძლება სპორტმა გააკეთოს. ეს შეიძლება იყოს რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი და სხვა“, - განაცხადა სპორტსმენმა.


ინფორმაციისთვის, ზაზა ფაჩულიას თბილისში, საკუთარ აკადემიაში, SHOOT 360-ის დარბაზი აქვს გახსნილი რომელიც თანამედროვე ინტერაქტიულ ტექნოლოგიასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლებას უზრუნველყოფს. ეს SHOOT 360-ის პირველი ფრენჩაიზია ევროპაში, რაც ქართველი კალათბურთელებისთვის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობაა.