მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენმა ,,გოლდენ სტეიტს’’ და ზაზა ფაჩულიას თეთრ სახლში უმასპინძლა

63c7b638c5d30
ირაკლი მოდებაძე
18.01.23 11:43
816
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში NBA-ს ჩემპიონ "გოლდენ სტეიტ უორიორსის’’ მთელ შემადგენლობას უმასპინძლა. ღონისძიება NBA-ს ჩემპიონობას მიეძღვნა, რომელიც "გოლდენ სტეიტმა" გასული წლის ივნისში იზეიმა. "უორიორსი" ბოლო რვა წელიწადში ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და ექვსჯერ ფინალში ითამაშა.

გუნდის შემადგენლობასთან ერთად თეთრ სახლში იმყოფებოდა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც, რომელიც კლუბში საკალათბურთო და ბიზნესოპერაციათა კონსულტანტად მუშაობს. ფაჩულიამ მცირე კომენტარიც გააკეთა: "პირველად ვარ აქ, ასეთ ღონისძიებაზე. ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ მხოლოდ ეს იყო, რაც წინა ჩემპიონობის დროს არ გამომიცდია", - განაცხადა ფაჩულიამ.

თეთრ სახლში შეხვედრას ბაიდენის გარდა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც ესწრებოდა, რომელიც წარმოშობით კალიფორნიიდანაა. როგორც მან თქვა, ბავშვობიდან "გოლდენ სტეიტის" გულშემატკივარია.

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზი კალათბურთსა და სპორტში. NBA-ს ოთხი ტიტული, ექვსი ფინალი ბოლო რვა სეზონში - ეს ცოტა არ არის. "გოლდენ სტეიტს" თეთრ სახლში ყოველთვის მიესალმებიან", - თქვა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა.

უორიორსის ლიდერმა სტეფ კარიმ ჯო ბაიდენს სიმბოლურად გოლდენ სტეიტის 46-ნომრიანი მაისური გადასცა, რაც ამერიკის პრეზიდენტების ნუმერაციას აღნიშნავს - ბაიდენი სწორედ 46-ე პრეზიდენტია.

ცნობისთვის, NBA-ს პირველი ჩემპიონი, რომელიც "თეთრ სახლს" ესტუმრა "ბოსტონ სელტიკსი" იყო, 1963 წელს. მას შემდეგ საჩემპიონო ვიზიტი ტრადიციად იქცა და ყოველწლიური სახე აქვს. ერთადერთი შეფერხება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დრო იყო, რომელსაც კალათბურთელები პრეზიდენტს გაემიჯნენ, ხოლო 2020 წლის ჩემპიონმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" სტუმრობა, კორონა ვირუსის გავრცელების გამო ვერ მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები