მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას და რატომ ცვლის მთავრობა რესტორნების სესხის სუბსიდირების პროგრამაში - დეტალები

601bc1ffbb05a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 14:16
947
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სარესტორნე ბიზნესისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც მთავრობის წევრების განცხადებით, პროგრამას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ძალიან ბევრ რესტორანს ჰქონდა, თუმცა ტექნიკური და იურიდიული ნიუანსების გამო ჩართვა ვერ მოახერხეს. ნათია თურნავამ იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც პროგრამაში შევიდა.

„ვამატებთ ამ პროგრამას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და არა მარტო ბანკის სესხის მქონე, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხის მქონე კვების ინდუსტრიის ობიექტები შეძლებენ მიიღონ მონაწილება სუბსიდირების პროგრამაში. ასევე ვაფართოებთ პროგრამას და თუ აქამდე ეს შეეხებოდა 2020 წლის 1 მარტამდე გაცემულ სესხებს, ახლა შევა 2020 წლის 1 დეკემბრამდე არსებული სესხებიც, რადგან კვების ინდუსტრიას შემდეგ თვეებშიც სჭირდებოდა დამატებითი სესხები, განსაკუთრებით საბრუნავი საშუალებებისთვის, ხელფასებისა და საიჯარო ქირისთვის. ამით ჩვენ უფრო მეტ სესხს და მეტ ობიექტს მოვიცავთ.

ასევე გადაიხედება სესხის მიზნობრიობის ნაწილში თანაფარდობა ძირითად და საბრუნავ საშუალებებზე აღებულ სესხებზე შორის. დღემდე რესტორნებს სესხის პროცენტი იმ შემთხვევაში უსუბსიდირდებოდათ თუ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემული იყო რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენისთვის. ეს თანაფარდობა ხშირ შემთხვევაში ირღვევა და უფრო მეტად საბრუნავი საშუალებები უჭირს ბიზნეს. ამიტომ ცვლილებების შედეგად სუბსიდირების პროცეში სესხის მიზნობრიობა ძირითად და საბრუნავ საშუალებებზე 50/50-ზე განისაზღვრა. ეს ცვლილებები აწარმოე საქართველოს ვებგვერდზე იქნება გამოქვეყნებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობა ბიზნესს სესხების 80%-ს დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვას შეძლებენ სპორტული ობიექტები და საბავშვო ბაღები.

„მეორე კატეგორია, ვისზეც ვავრცელებთ სესხის სუბსიდირების პროგრამას, ეს არის სპორტული ობიექტები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. ამ შემთხვევაში სესხების სუბსიდირება შეეხება როგორც ბანკის ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებულ სესხებს და ლიზინგის პროცენტს.

სპორტული ობიექტების შემთხვევაში - შეეხება ფიტნეს ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტულ დარბაზებს და ასევე საბავშვო ბაღებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ ვერ განაახლებენ საქმიანობას“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი წინასწარი ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვის მზაობას 100 - მდე სპორტული ობიექტი აპირებს, ხოლო ბაღების შემთხვევაში 50-მდე ობიექტი.