07.ოქტომბერი .2022 12:23

რას გულისხმობს ახალი მოდელი, რომლითაც მთავრობა PPA მექანიზმს ჩაანაცვლებს

რას გულისხმობს ახალი მოდელი, რომლითაც მთავრობა PPA მექანიზმს ჩაანაცვლებს
views 721
უკან

საქართველოს მთავრობა რამდენიმე კვირაში ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალ მოდელს წარადგენს, რომელიც ახალი ჰიდროელექტროსადგურების, მზის და ქარის ელექტროსადგურების დაფინანსების ახალ მექანიზმს ითვალისწინებს.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წელს ახალ PPA ხელშეკრულებებზე მორატორიუმის გამოცხადებამ ენერგეტიკის სექტორში ახალი ინვესტიციების ნაკადი შეაფერხა, ამიტომაც აუცილებელია სახელმწიფოს გააჩნდეს სექტორის მხარდაჭერის სწორი მოდელი.

თავის მხრივ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ PPA მოდელს CFD მექანიზმი ჩაანაცვლებს. მინისტრის თქმით, განსხვავებით PPA ხელშეკრულებებისა CFD მოდელს ნაკლები ფისკალური რისკები სდევს თან.

“ერთ ან ორ კვირაში პრემიერს ექნება პრეზენტაცია და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს იყო 8-თვიანი მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან, რომელიც ახლებურ მექანიზმს სთავაზობს ინვესტორებს, განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციების კუთხით. ინვესტორებს სჭირდებათ გარკვეული გარანტიები, ეს მექანიზმები გარანტირებულია, გათვალისწინებულია ფისკალური რისკებიც, რაზეც ხდებოდა აპელირება და ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის მოთხოვნები კონკურენციის თვალსაზრისით. შესაბამისად, როგორც იცით დღეს PPA აღარ არის ის ქმედითი მექანიზმი, რასაც ევროპული ქვეყნები იყენებენ, რათა ჩამოყალიბებული იყოს გარანტიები. სწორედ ეს იქნება ასახული იმ მხარდაჭერის გეგმაში, რომელსაც უახლოეს ხანებში საზოგადოებას გავაცნობთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ქმედითი მექანიზმი წაახალისებს როგორც ჰიდროელექტროენერგიის, ისე მზის და ქარის სადგურების რეალურ განხორციელებას.

ალტერნატიული მექანიზმი იქნება ე.წ. CFD, რაც გულისხმობს ფასის განსხვავების კომპენსირებას სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ფასად შესყიდვის სანაცვლოდ. ეს უფრო კონკურენტული და ისეთი ტიპის მექანიზმია, რომელიც დღეს დაშვებულია ევროკავშირში, სადაც PPA კლასიკური პირობა უკვე აღარ მოქმედებს. ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს, როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები. უახლოეს ხანებში ეს ქმედითი მექანიზმი იქნება წარმოდგენილი,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

PPA მოდელის დროს, სახელმწიფო ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორთან მოლაპარაკებების შემდეგ დებდა სხვადასხვა სახის კონტრაქტს ელექტროენერგიის გარანტირებული წესით შესყიდვის შესახებ. სწორედ PPA ტარიფი იყო გარანტია ინვესტორისთვის, რომ მის მიერ ახალი ჰესის მშენებლობაში მილიონობით დოლარის ჩადების შემდეგ ის ამ თანხას ამოიღებდა. PPA კონტრაქტის მაგალითია ხუდონჰესის ინვესტორ ტრანსელექტრიკასთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰესის აშენების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 8 წლის განმავლობაში გარანტირებული წესით 10.5 ცენტად შეეძინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ხუდონის ჰესი ამ ხელშეკრულების მიუხედავად არ აშენდა, თუმცა აშენების შემთხვევაში ბიუჯეტს მის PPA კონტრაქტზე მნიშვნელოვანი თანხების გაღება მოუწევდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა