მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს დღეიდან ამოქმედებელი ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა?

5d91f0e672c22
ლიკა გურაბანიძე
01.10.19 09:30
1273
დღეიდან ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა იწყება, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაბამისი A ან B კატეგორიის ლიცენზიის მისაღებად ყველა დაინტერესებული პირი გამგეობაში, ან მერიაში უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი, ვინც ტაქსის რეფორმის მიხედვით შესაბამის კატეგორიაში არ ჩაერთვება, დაჯარიმდება.

ჯარიმა შესაბამისი დარღვევების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, უნებართვოდ ტაქსის მომსახურება 200 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს, ხოლო პირობების დარღვევა (მაგ: B კატეგორიაზე A კატეგორიის ტაქსის ნიშნით მოძრაობა) 100 ლარით დაჯარიმებას.

BM.GE ტაქსების რეფორმის პირობებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

 A კატეგორიის ტაქსი არის:

• თეთრი ფერის; 

• მარცხენასაჭიანი;
 
• აქვს 5 კარი; 

• მომსახურების გაწევისას იყენებს მანათობელ თეთრ ნიშანს შავი წარწერით "TAXI თბილისი"; 

• მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული აქვს ტაქსით მომსახურების ნებართვა.

A კატეგორიის ტაქსის პრივილეგიები:

• შეუძლია მგზავრის აყვანა როგორც ქუჩიდან, ასევე ელექტრონული და სატელეფონო საშუალებებით; 

• სარგებლობს უფასო პარკირებით ტაქსისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილებში; 

• უფასოდ გადაეცემა ტაქსის მანათობელი ნიშანი; 

• შემოსავლის მიღების მიზნით, ტაქსიზე განსაზღვრულ ადგილებში შეუძლია რეკლამის განთავსება.

B კატეგორიის ტაქსი არის: 

• ნებისმიერი ფერის; 

• მარჯვენა და მარცხენასაჭიანი. (მარჯვენასაჭიანები 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ მომსახურებას და იანვრიდან მხოლოდ მარცხენასაჭიანები იმოძრავებენ)

• აქვს 5 კარი; 

• მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული აქვს ტაქსით მომსახურების ნებართვა.

B კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებულია:

• მომსახურების გაწევა მხოლოდ აპლიკაციის ან ტელეფონის მეშვეობით; 

B კატეგორიის ტაქსის:

• არ აქვს მგზავრის ქუჩიდან აყვანის უფლება; 

• არ აქვს არანაირი ტაქსის ნიშნის გამოყენების უფლება; 

• ვერ სარგებლობს ტაქსისთვის განკუთვნილი უფასო საპარკინგე ადგილებით.

ცნობისთვის: ტაქსის რეფორმისთვის ნებართვების გაცემა 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, ხოლო 2019 წლის ივლისიდან ტაქსების კატეგორიებად დაყოფა დაიწყო.