მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი?

631ae147642ad
მარიამ დემეტრაშვილი
11.09.22 17:28
6338
ეკონომიკის სამინისტრო, მიმდინარე საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტში "კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ" კანონპროექტს შეიტანს. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ განახლებული საკანონმდებლო ჩარჩო დამსაქმებლებს, აქტივების მმართველ კომპანიებს და სადაზღვევო კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოქალაქეების კონკრეტული სეგმენტისთვის, კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი შექმნან.

ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გურგენიძე BMG-სთან განმარტავს, რომ მესამე სვეტის საპენსიო სქემა სახელმწიფო სავალდებულო საპენსიო სისტემის პარალელურად იმოქმედებს. მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო საპენსიო სისტემაში სავალდებულო წესით არიან ჩართული, სისტემიდან გამოსვლის უფლება არც კერძო საპენსიო სქემაში ჩართვის შემდეგ ექნებათ.

„მესამე სვეტის სქემის მიხედვით, მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ დანაზოგი შექმნას დამატებით, ამას შეძლებს კერძო საპენსიო სისტემის საშუალებით. ამ შემთხვევაშიც საბაზისო სახელმწიფო დაგროვებითი პენსიის ნაწილი რჩება და არ უქმდება", - განაცხადა გიორგი გურგენიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემაში დაგროვილი აქტივების კერძოში გადატანის შესაძლებლობა არ იქნება.

მისივე თქმით, ხელფასის ის ნაწილი, რომელსაც მოქალაქე კერძო საპენსიო სისტემაში გადაიტანს, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.

რაც შეეხება კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სქემის დაფუძნების საკითხს გიორგი გურგენიძე ამბობს, რომ მისი შექმნა შეეძლებათ დამსაქმებლებს, პროფკავშირებს, ასოციაციებს, სადაზღვევო კომპანიებს და ა.შ.

„ნებაყოფლობითი საპენსიო სქემის დაფუძნება არის თავისუფალი, ანუ დამსაქმებელს შეუძლია დააფუძნოს სქემა თავის დასაქმებულებისთვის. ასევე, დასაქმებულთა გაერთიანებას, ასოციაციას ან უბრალოდ პროფკავშირებსაც შეეძლებათ დააფუძნონ ასეთი სქემა საპენსიო კომპანიის საშუალებით. ამ სქემის დამფუძნებლები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ, ვის როგორი კონტრიბუცია სურს - შეიძლება დამსაქმებელმა გადაწყვიტოს, რომ 4%-ის კონტრიბუცია ჰქონდეს, შეიძლება მაგალითად, ადვოკატების გაერთიანებას სხვა კონტრიბუცია ჰქონდეს, განსხვავებით ბუღალტრებისგან და ა.შ. მომავალში სამუშაო ბაზარზე ეს ბენეფიტის შეთავაზების დონეზე იქნება. როგორც დღეს სამუშაოს მაძიებელი ირჩევს სამსახურს, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობს, შეიძლება მომავალში დამსაქმებელმა შემოგვთავაზოს კარგი საპენსიო ბენეფიტიც“, - განაცხადა გურგენიძემ.