მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო რეფორმის III სვეტი - მოქალაქეები კერძო ფონდებში ფულის დაზოგვით შეღავათს მიიღებენ

642ac87bb71ff
ელენე გოგბერაშვილი
03.04.23 23:52
1144

მოქალაქეები სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემებში ჩართვასაც შეძლებენ. ამას ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული კერძო ნებაყოფლობით საპენსიო შენატანების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც ახლა პარლამენტში საკომიტეტო განხილვებს გადის.

კანონის მიღების შემდეგ “მესამე სვეტის” პენსიის ბენეფიციარები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებენ, როგორც სახელმწიფო საბაზისო პენსიას, ასევე სახელმწიფო დაგროვებით პენსიას და “მესამე სვეტის” ანუ კერძო-დაგროვებით პენსიას. ე.წ მესამე სვეტის საპენსიო სქემაში მონაწილეობა საგადასახადო შეღავათებით იქნება სტიმულირებული.

„მესამე სვეტის პენსია სრულიად დამოუკიდებელია მეორე სვეტის პენსიისგან, შესაბამისად მესამე სვეტის პენსიაში ჩართვა ზეგავლენას არ იქონიებს სავალდებულო საპენსიო სქემაში ჩართულობაზე. სხვაობა ნებაყოფლობითი დაგროვებისგან არის ის, რომ ნებაყოფლობითი საპენსიო სქემიდან შეგვიძლია გამოვიდეთ ნებისმიერ დროს საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუმცა იმისათვის, რომ მივიღოთ ის მიზანი, რაც მეტი მონაწილის ჩართულობაა საპენსიო სქემაში და ზოგადად პრაქტიკიდან გამომდინარეც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, სქემის მონაწილეებისთვის შეგვეთავაზებინა სარგებელი.

მონაწილე, რომელიც ჩაერთვება ნებაყოფლობით საპენსიო სქემაში, შეძლებს, რომ მიმართოს წლიურად 6 ათას ლარამდე, რომელიც არ დაიბეგრება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მისი კონტრიბუცია, მისი დამსაქმებლის თუ სხვა“,-განმარტავს გიორგი გურგენიძე, ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კერძო საპენსიო სქემების დაფუძნება და დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის საპენსიო პროდუქტის შექმნა შეეძლებათ როგორც დასაქმებულებს, ისე დამსაქმებლებს, აქტივების მმართველ კომპანიებს, ასევე სადაზღვევო კომპანიებს. ამ შემთხვევაში კანონი საპენსიო სქემის დამფუძნებლებს არ კარნახობს, თუ სად უნდა განახორციელონ საპენსიო აქტივების ინვესტირება.

„ე.წ მესამე სვეტის პენსია, ეს არის დამოუკიდებელი პროდუქტი. მისი შეთავაზება შეუძლია აქტივების მმართველ კომპანიებს, მზღვეველს და დამსაქმებელს, რომელსაც ყავს ბევრი დასაქმებული. ის საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს მეორე სვეტისგან დამოუკიდებლად“,-აცხადებს გურგენიძე.

მოქალაქეების ის კატეგორია, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა სავალდებულო საპენსიო სქემის გარდა, დანაზოგი კერძო საპენსიო ფონდში გააჩნდეს, ამის გაკეთებას სავარაუდოდ 2025 წლიდან შეძლებს.

დღეს მესამე სვეტის პენსიების გავრცელება ქვეყანაში ძალიან დაბალია. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურში გასული წლის 9 თვის მდგომარეობით 3 არასახელმწიფო საპენსიო სქემაა რეგისტრირებული, რომელთაგანაც 2 სქემის დამფუძნებელს წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაცია, ხოლო ერთი სქემა დაფუძნებულია არამზღვეველი იურიდიული პირის მიერ საკუთარი დასაქმებულებისათვის.




ჯამში არასახელმწიფო საპენსიო სქემას 16 ათასამდე მონაწილე ჰყავს, მათ მიერ 2022 წლის 9 თვეში განხორციელებულმა შენატანებმა 4,5 მლნ ლარს გადააჭარბა, სქემების საინვესტიციო შემოსავალი კი 2 მლნ ლარს აჭარბებს.




სიახლეა მეორე სვეტის ანუ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისთვისაც. ისინი 2025 წლიდან სახელმწიფო საპენსიო ფონდიდან თანხების კერძოში გადატანას შეძლებენ. დღეს ეს შესაძლებლობა მოქალაქეებს არ აქვთ. 2018 წელს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე წარდგენილია პარლამენტში, თუმცა დოკუმენტის განხილვები ჯერ არ დაწყებულა.

„2025 წლის 1 იანვრისთვის უნდა მოხდეს გარე აქტივების მმართველების ჩართვა საპენსიო დანაზოგების მართვის ნაწილში. ანუ მონაწილეს წელს ექნება საშუალება სამი სხვადასხვა რისკიანობის პორტფელი აირჩიოს და 2025 წლის 1 იანვრიდან, თუ ეს ცვლილებები გავიდა, მას უკვე შეეძლება ამასთან ერთად აირჩიოს გარე აქტივების მმართველიც. აქ არ არის საუბარი, რომ მთლიანად იქით წაიღო თანხა, შეუძლია კომბინაცია ჰქონდეს, რაღაც ჰქონდეს საპენსიო სააგენტოში, რაღაც გარე აქტივების მმართველში, როგორც ასევე შეუძლია ჰქონდეს ნაწილი საშუალორისკიან პორტფელში, რაღაც ნაწილი მაღალრისკიანში“,-აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები