დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა, რომელიც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს მოიცავს. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებები სფეროს მმართველობითი და საზედამხედველო ჩარჩოს გაუმჯობესებას შეეხება.
„ცვლილება უპირველესად შეეხება მმართველობით სტრუქტურას. დღეს სააგენტო იმართება ორი არათანაბარი მმართველი რგოლის მიერ, ეს არის საინვესტიციო საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო შედგება მინისტრებისგან, ხოლო საინვესტიციო საბჭო კონკურსით შერჩეული პროფესიონალებისგან. ეს მოდელი და მოწყობა არ პასუხობს იმ გამოწვევებს და ამოცანებს, რაც აქვს საპენსიო ფონდს მისი ზრდის და საინვესტიციო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნების თვალსაზრისით, შესაბამისად, შემოგვაქვს წინადადება, რომ ეს ორი მმართველობითი რგოლი გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს პროფესიონალებით დაკომპლექტებული ერთი მმართველობით საბჭო, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ-საოპერაციო და სხვა ფუნქციებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, საბჭოს წევრთა რაოდენობა მინიმუმ - 9 და მაქსიმუმ - 15 იქნება, რასაც მთავრობა განსაზღვრავს შესაბამისი ნორმატიული აქტით. შესაბამისად, გამოირიცხება მასში მინისტრების და პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა. წარმოდგენილი ცვლილება განსაზღვრავს საბჭოს წევრთა შერჩევის წესს.
კანონპროექტი ითვალისწინებს საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებასაც და მას ეწოდება - „საპენსიო ფონდი“.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული სახელწოდება შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, უფრო ზუსტად ასახავს თუ რას არეგულირებს კანონი და რას ემსახურება აღნიშნული კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა.
მან ასევე დეტალურად ისაუბრა სხვა ცვლილებებზეც.