მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ბიუჯეტს 900 მილიონი ლარი ემატება - რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

საქართველოს მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს - შესაბამისი პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და ის ხარჯების 900 მილიონი ლარით, 25.9 მილიარდ ლარამდე ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბიუჯეტის კორექტირება საჭირო გახდა ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რადგანაც თავდაპირველად ბიუჯეტი 5.2%-იანი ზრდის მოლოდინით დაიგეგმა, ხოლო ფაქტობრივი ზრდა 9%-ს შეადგენს, რაც ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის ზრდას განაპირობებს. მთავრობა კორექტირებულ ბიუჯეტში საგადასახადო გეგმას 1.07 მილიარდი ლარით, 20.2 მილიარდ ლარამდე ზრდის.

კონკრეტული სამინისტროების მიხედვით, ყველაზე მეტად 347 მილიონი ლარით იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ჯანდაცვის სამინისტროს 240 მილიონი ლარი ემატება, ხოლო განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტს 37 მილიონი ლარი ემატება. ამასთან, 18.7 მილიონი ლარით მცირდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი.

როგორ იცვლება სამინისტროების დაფინანსება და რა მიმართულებებით იზრდება 2024 წლის ბიუჯეტი:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 240,0 მლნ ლარით და განისაზღვრა 8 069,2 მლნ ლარით. დამატებითი თანხა გათვალისწინებულია:

  • 35,0 მლნ ლარი მიიმართება პენსიებისა და კომპენსაციების დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პერიოდში პენსიის ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 835 ათასამდე ბენეფიციარს, შესაბამისად ბიუჯეტი გაანგარიშებული იყო დაახლოებით 850 ათას ბენეფიციარზე, თუმცა ოქტომბრის მდგომარეობით ბენეფიციართა რაოდენობა აჭარბებს 860 ათასს. შესაბამისად, წლის ბოლომდე პენსიების შეუფერხებლად დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებითი ასიგნებები;
  • 20,0 მლნ ლარი მიიმართება მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებების დასაფინანსებლად;
  • 195,0 მლნ დამატებით გამოყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად;
  • ათვისების პროგნოზის გათვალისწინებით 10,0 მლნ ლარით მცირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 37,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 545,0 მლნ ლარს. მათ შორის 65,0 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების დაფინანსება, ხოლო 28,0 მლნ ლარით მცირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები;

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 34,5 მლნ ლარით და განისაზღვრება 506,5 მლნ ლარით. დამატებითი თანხები ძირითადად მიიმართება საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებების შესაბამისად სპორტსმენებისათვის ჯილდოების ანაზღაურებით, ასევე სხვადასხვა ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ხარჯების დაფინანსებით;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები ჯამურად მცირდება 18,7 მლნ ლარით და განისაზღვრება 782,3 მლნ ლარის ოდენობით. ამასთან, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ასიგნებები გაზრდილია 10,8 მლნ ლარით (ამავდროულად ხორციელდება პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება), ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 29,5 მლნ ლარით;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 50,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 738,0 მლნ ლარის ოდენობით. დამატებითი თანხები მიიმართება რთველის პერიოდში გაზრდილი მოსავლის შესაბამისად დამატებითი ხარჯების, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაზრდილი სესხების შესაბამისი საპროცენტო ხარჯების სუბსიდირებისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 347,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 747,7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება 84,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 017,6 მლნ ლარს;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 10,2 მლნ ლარი და შეადგენს 325,8 მლნ ლარს;
  • წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება 275,0 მლნ ლარით და შეადგენს 825,0 მლნ ლარს, მათ შორის დამატებით 200,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია 2025 წლის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, ხოლო 75,0 მლნ ლარი მიიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტების მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად;
  • სხვა დანარჩენი მიმართულებები ჯამურად მცირდება 22,2 მლნ ლარით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები, წლის ბოლოს პოლიციელთა მატერიალური წახალისების მიზნით იზრდება 20,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 280,0 მლნ ლარის ოდენობით;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 210,0 მლნ ლარით და შეადგენს 1 590,0 მლნ ლარს. დამატებითი თანხებიდან:

  • 139,0 მლნ ლარი მიიმართება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე გამოიყოფა დამატებით 20,0 მლნ ლარი;
  • შრომის ანაზღაურების (მ.შ. ჯარისკაცების მატერიალური წახალისების) სრულყოფილად დაფინანსების მიზნით დამატებით გამოიყოფა 35,7 მლნ ლარი;
  • სხვა მიმდინარე და ლოჯისტიკური ხარჯებისთვის გამოყოფილია 15,3 მლნ ლარი;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 5,0 მლნ ლარით და შეადგენს 215,0 მლნ ლარს;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 9,0 მლნ ლარით და შეადგენს 423,7 მლნ ლარს (სასჯელაღსრულების დაწესებულებების დასაფინანსებლად).

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება 2,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 189,7 მლნ ლარის ოდენობით.

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში:

  • სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გამოყოფილი ასიგნებები, არსებული ეკონომიის გათვალისწინებით მცირდება 175,0 მლნ ლარის ოდენობით;
  • რიგი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში არსებული დეფიციტების დასაფინანსებლად გამოიყოფა 15,0 მლნ ლარი;
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა იზრდება 160,0 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება როგორც დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები.
  • დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 31,0 მლნ ლარით, რაც დაკავშირებულია რიგი პროექტების ფარგლებში თანხების ჩამორიცხვის ვადების ცვლილებასთან.

უწყებების მიხედვით ბიუჯეტის ცვლილება ასეთია:

დასახელება 2024 წლის განახლებული პროექტი (ლარები) ზრდა/კლება არსებულ ბიუჯეტთან (ლარები)
სულ ასიგნებების ჯამი 25,930,420,700 900,000,000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
8,069,150,000 240,000,000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3,747,700,000 347,000,000
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2,545,044,000 37,000,000
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1,590,000,000 210,000,000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1,280,000,000 20,000,000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო
782,300,000 -18,700,000
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო
738,000,000 50,000,000
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 506,456,000 34,500,000
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 423,685,000 9,000,000
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 215,000,000 5,000,000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 189,700,000 2,200,000
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 171,219,000 0
საერთო სასამართლოები 137,500,000 0
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 114,000,000 0
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახური
102,000,000 0
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი 101,190,000 0
საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული
ორგანიზაციები
86,636,000 0
საქართველოს პროკურატურა 63,200,000 0
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 27,000,000 0
საქართველოს საპატრიარქო 25,000,000 0
სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახური – საქსტატი
24,000,000 0
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 23,290,700 0
საქართველოს დაზვერვის სამსახური 21,000,000 0
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 19,000,000 0
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 18,000,000 0
საქართველოს უზენაესი სასამართლო 17,400,000 0
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 15,000,000 0
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური 12,500,000 0
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 11,500,000 0
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 10,560,000 0
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9,600,000 0
სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო 8,500,000 0
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 8,000,000 0
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 6,500,000 0
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 6,200,000 0
სსიპ - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 5,500,000 0
სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემია
5,260,000 0
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი 4,800,000 0
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატი
4,000,000 0
სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახური
4,000,000 0
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია -
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია
3,300,000 0
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2,180,000 0
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო 1,900,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ
რუსთავის მუნიციპალიტეტში
1,450,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა
და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში
1,400,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა
და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში
1,380,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის
მუნიციპალიტეტებში
1,190,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის
მუნიციპალიტეტებში
1,160,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტებში
1,120,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის
მუნიციპალიტეტებში
1,120,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში 1,100,000 0
სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 1,100,000 0
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 1,080,000 0
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი 850,000 0
სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო 600,000 0
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გადასახდელები
4,760,100,000 -36,000,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები