კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანის განცხადებით, შიდა ბაზარზე არ არის დიდი არჩევანი იმისა, თუ რომელ ინსტრუმენტში შეიძლება ჩადო საპენსიო დანაზოგი. ამის შესახებ ექსპერტმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ეს უფრო მასშტაბური პრობლემაა, ვინაიდან ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი არ არის განვითარებული.
„მთლიანობაში საპენსიო სააგენტოს არ შეუძლია 20%-ზე მეტი განათავსოს უცხოურ ვალუტაში, შესაბამისად უცხოურ აქტივებში. ის რომ ალოკაციის პრინციპით, პორტფელის შექმნის პროცესში გიჩნდება საჭიროება, რომ ლიმიტი გაზარდო, ნიშნავს იმას, რომ შენი დივერსიფიკაციის ხარისხი უნდა ჩამოვიდეს დაბლა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ეს კანონში გჭირდება გქონდეს, ე.ი. ინსტრუმენტების საკმარისი არჩევანი არ არის, რაც ცუდია.
ეს უფრო გლობალური პრობლემაა. მთლიანობაში კაპიტალის ბაზარს რომ შევხედოთ და საინვესტიციო სააგენტოს, როგორც ერთ-ერთ წამყვან ახალ ინსტიტუციურ ინვესტორს, მას აუცილებლად პარალელურად უნდა დაახვედრო ახალი ინსტრუმენტები, ისინი უნდა დასტიმულირდნენ იმით, რომ საპენსიო სააგენტო არსებობს და საპენსიო სააგენტოს უნდა ჰქონდეს არჩევანი, თუმცა მას ეს არჩევანი არ აქვს“, - განაცხადა მარინა გულედანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა გუშინ, 4 სექტემბერს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტით, დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება 2028 წლის 1 იანვრამდე ყველა იმ ბენეფიციარის საპენსიო დანაზოგი, რომლებიც 6 სექტემბრამდე პორტფელის რისკიანობის არჩევანს არ გააკეთებენ.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, იხსნება არჩევანის გაკეთების დროის შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, საპენსიო ფონდის ბენეფიციარებს რისკიანობის პორტფელის არჩევის შესაძლებლობა 6 სექტემბრის შემდეგაც შეეძლებათ. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე რისკიანობის პორტფელის არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 15 ათასამდე მოქალაქეს.