მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს 2028 წლამდე იმისათვის, რომ დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ გამართულად იმუშაოს? - მოსაზრება

საპენსიო სააგენტო

რა უნდა გაკეთდეს 2028 წლამდე იმისათვის, რომ დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ გამართულად იმუშაოს? - ამ შეკითხვას კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა, მარინა გულედანმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია სისტემის მონაწილე პირების კარგად ინფორმირება, - „აუცილებლად, ინტენსიური ფინანსური შემეცნების პროგრამა უნდა განხორციელდეს, ვინაიდან როცა ჩვეულებრივ მოქალაქეს ეუბნები - რომელსაც არ ევალება, რომ ეს იცოდეს - შენ აარჩიე პორტფელი, ჩნდება სივრცე რომ პანიკაში ჩავარდეს, ეჭვები და სპეკულაციები იწყება“, - განაცხადა მარინა გულედანმა.

გარდა ამისა, ექსპერტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რისკის მართვის სისტემის არსებობა, ინფორმაციის გამჭვირვალობა და ბაზარზე ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობა.

„საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში არის ადმინისტრაციული მხარე, რომელიც თანხის შეგროვებაზეა პასუხისმგებელი და მისი სამეთვალყურეო საბჭო შედგება მინისტრებისგან. ეს სრულიად სახელმწიფო წარმომადგენლობითი სტრუქტურაა.

ამის პარალელურად, იმისთვის რომ დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა მომხდარიყო, შიგნით ჩამოყალიბებულია საინვესტიციო საბჭო, ეს გაკეთდა დროებით, რათა მანამ ვიდრე საპენსიო სააგენტო აქტივების მართვას გარე მომსახურებაზე გაუშვებს, რაღაც პერიოდი შიგნიდან იმართოს აქტივები. ხოლო, იმისათვის, რომ შიგნიდან მარტო აქტივები, უნდა არსებობდეს რისკის მართვა. ეს ორი მხარე კი ვერ ჩამოყალიბდა, ვის ქვეშ უნდა იყოს რისკის მართვის და კონტროლის ფუნქცია. ეს არის მთავარი პრობლემა. შიგნით კონტროლის გარემო უნდა არსებობდეს და ამას მთელი თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც არავითარ შემთხვევაში საინვესტიციო საბჭოს არ უნდა ექვემდებარებოდეს. ეს არის ძალიან ცხადი. ეს არის დასალაგებელი და სანამ ეს არ დალაგდება, ძალიან ნაადრევია სამ სხვადასხვა პორტფელზე საუბარი“, - განაცხადა კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა გუშინ, 4 სექტემბერს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტით, დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება 2028 წლის 1 იანვრამდე ყველა იმ ბენეფიციარის საპენსიო დანაზოგი, რომლებიც 6 სექტემბრამდე პორტფელის რისკიანობის არჩევანს არ გააკეთებენ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, იხსნება არჩევანის გაკეთების დროის შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, საპენსიო ფონდის ბენეფიციარებს რისკიანობის პორტფელის არჩევის შესაძლებლობა 6 სექტემბრის შემდეგაც შეეძლებათ. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე რისკიანობის პორტფელის არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 15 ათასამდე მოქალაქეს.