მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას კარგავს ბიუჯეტი საგადასახადო შეღავათებით?

638f331bbe6e3
ნინო ტაბატაძე
06.12.22 16:06
821
გასულ წელს საგადასახადო შეღავათების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტმა 2.759 მლრდ ლარის შემოსავალი ვერ მიიღო, - ე.წ საგადასახადო დანახარჯები ფინანსთა სამინისტრომ დათვალა.

საგადასახადო დანახარჯი არის მთავრობის პოლიტიკის შედეგი, რომელიც, შესაძლოა, მიზნად ისახავდეს ბიზნესის მხარდაჭერასა თუ სოციალური შედეგის მიღებას. ეს არის მოსახლეობის დანახარჯი იმ ბენეფიციარების სასარგებლოდ, ვისზეც ვრცელდება საგადასახადო შეღავათები, ვინაიდან იგი იწვევს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შემცირებას.

მომზადებულ ანგარიშიდან ირკვევა, რომ საგადასახადო დანახარჯების რაოდენობრივი შეფასება მოიცავს 2018-2021 წლებს, როგორც მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების, ასევე დღგ-ს საგადასახადო დანახარჯებისთვის.

კვლევა კი აჩვენებს, რომ  მთლიანი შეფასებული საგადასახადო დანახარჯები 2021 წელს შეადგენდა  2,759 მლრდ ლარს, ანუ მშპ-ს 4.6%-ს. ეს მაჩვენებელი 2020 წელს მშპ-ს 5.2% იყო, 2019 წელს კი, მშპ-ს 5.7%.

ანგარიშში შეფასებული მთლიანი საგადასახადო დანახარჯები მოიცავს დამატებული ღირებულების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო დანახარჯებს.

2021 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო დანახარჯებმა მთლიანი საგადასახადო დანახარჯების 90% შეადგინა (მშპ-ს 4.1 პროცენტი), დარჩენილი 10 პროცენტი კი (მშპ-ს 0.5 პროცენტი) მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო დანახარჯებს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო დანახარჯები შემცირდა 2018 წელთან შედარებით (მშპ-ს 0.9 პროცენტიდან 0.6 პროცენტამდე), მაშინ როდესაც დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო დანახარჯები, ისევე, როგორც მთლიანი საგადასახადო დანახარჯები გაიზარდა.

შეფასებული მოგებისა და საგადასახადო დანახარჯები 2021 წელს 294 მლნ ლარი იყო, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო დანახარჯები - 2,464 მლრდ ლარი.

ის, რომ მთავრობა შეღავათების შესწავლას გეგმავს, ფინანსთა სამინისტროს არაერთხელ დაუანონსებია. პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის მეორე ვარიანტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ მომდევნო წლიდან იგეგმება მსხვილი საგადასახადო შეღავათების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის შესწავლა, რის შემდეგაც დაიწყება მსჯელობა, შეღავათების ნაწილის შესაძლო ოპტიმიზაციაზე.

როგორც ჩანს მომდევნო წლებშიც შენარჩუნება საგადასახადო შეღავათები. 5 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები, რომელიც 2023 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული, გადავადდება 2026 წლის პირველ იანვრამდე. ეს ეხება სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ შეღავათებს, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს, ასევე სხვადასხვა ტიპის შეღავათებს, რომელიც ძირითადად საშუალო და მცირე მეწარმეებს ეხება. ასევე, 3 წლით გადავადდება ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, რომელიც დღეს არსებული ჩანაწერით 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. 

აღსანიშნავია, რომ ბანკების შემთხვევაში პირიქით ხდება. ბანკები მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ, ამასთან საფინანსო სექტორში მოგების გადასახადი 15%-ის ნაცვლად 20% იქნება.