მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა - რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა მთავრობამ

64ba2aca4fab4
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.23 11:16
1172
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 6 თვეში გადასახადების სახით მობილიზებულია 8.04 მილიარდი ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმის 102.6%-ია. შესაბამისად, მეტობით აკრეფილია 201 მილიონი ლარი.

მეტობით შესრულება ფიქსირდება ყველა ძირითადი გადასახადის მიმართულებით, უფრო დეტალურად ბიუჯეტში შესული თანხები ასე ნაწილდება:

• დამატებული ღირებულების გადასახადი - 3.2 მილიარდი ლარი, გეგმის 103.6%;
• საშემოსავლო გადასახადი - 2.77 მილიარდი ლარი, გეგმის 107.9%;
• მოგების გადასახადი - 1.12 მილიარდი ლარი, გეგმის 101.6%;
• აქციზი - 965 მილიონი ლარი, გეგმის 120.1%;
• იმპორტის გადასახადი - 71 მილიონი ლარი, გეგმის 130%.

ამასთან, გაზრდილია ბიუჯეტის შემოსავლები დივიდენდებიდან. 2023 წლის 6 თვეში დაგეგმილი იყო 350 მილიონი ლარის დივიდენდების მიღება (ძირითადად სებ-იდან), თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ 463 მილიონი ლარი შეადგინა. მეტობით შესრულდა ბიუჯეტის სანქციების და საურავების ნაწილიც. დაგეგმილი იყო 57 მლნ ლარის შემოსავლის მიღება, თუმცა ფაქტობრივი შესრულება 72 მილიონ ლარს შეადგენდა.

გეგმასთან შედარებით უკეთესი პარამეტრებია საგარეო ვალების ჩამორიცხვის მიმართულებითაც. თუკი 530 მილიონი ლარის საგარეო დაფინანსების მიღება იყო დაგეგმილი, ფაქტობრივი შესრულება 687 მილიონი ლარია.

თუმცა გეგმას ჩამორჩება არაფინანსური აქტივების კლების, ანუ პრივატიზაციის მუხლი, სადაც შესრულება 71 მილიონია, ნაცვლად დაგეგმილი 86 მილიონი ლარისა.

მთლიანობაში ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა 10.7 მილიარდი ლარი იყო, ნაცვლად 10.1 მილიარდი ლარისა, შესაბამისად გადაჭარბებმა 600 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები