ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა პერიოდის განმავლობაში 12.2 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავდა, თუმცა ფაქტობრივად აკრეფილი გადასახადები 12.36 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, მეტობით მობილიზებულია 199 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი.
გადასახადებს შორის ყველაზე დიდი მოცულობით ხაზინამ დღგ აკრიფა, დეტალურად საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
დამატებული ღირებულების გადასახადი - 4.98 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 102%;
საშემოსავლო გადასახადი - 4.17 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 105.9%;
მოგების გადასახადი - 1.58 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 100.5%;
აქციზის გადასახადი - 1.60 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 106%;
იმპორტის გადასახადი - 114 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 125%.
რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლების სხვა წყაროებს, პრივატიზაციამ 9 თვეში 102.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმასთან 122 მილიონ ლართან შედარებით 16%-ით, ანუ 19 მილიონი ლარით ნაკლებია.
გეგმასთან შედარებით გადაჭარბებით შესრულდა საერთაშორისო დონორებისგან მისაღები გრანტების პუნქტი. 9 თვეში 156 მილიონის გრანტების მიღება იყო გათვალისწინებული, ფაქტობრივად ჩარიცხული თანხები კი 240.7 მილიონი ლარია.