14.მაისი .2020 09:40

რას შეცვლის მერიის გადაწყვეტილება - სამშენებლო ბიზნესი კალაძის ინიციატივას აფასებს

views 361
უკან

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ. ეს არის კვლევა, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გამტარუნარიანობის გათვალისწინებით ადგენდა, რა მოცულობის მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს ადგილზე. აღნიშნული კვლევის განხორციელების ვალდებულება ბიზნესს 2019 წლიდან დაეკისრა, დღეს კი მერია შეფასების მომზადებას კვლავ საკუთარ თავზე იღებს.

სამშენებლო კომპანია “ბალავარის” ფინანსური დირექტორი ლევან მაღრაძე ცვლილებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს საბოლოო ჯამში უძრავი ქონების თვითღირებულებაზეც აისახება და მას გააიაფებს.

“რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ბაზარზე არ არსებობდნენ შესაბამისი კომპეტენციის კომპანიები, რომლებიც ამ სატრანსპორტო კვლევებს დროულად შეიმუშავებდნენ, ამიტომ პროექტი იწელებოდა დროში, რაც ნიშნავს ზედმეტ ხარჯს და გაზრდილ თვითღირებულებას”,- ამბობს ლევან მაღრაძე და ვარაუდობს, რომ სატრანსპორტო კვლევის ჩამოშორება პროექტების თვითღირებულებაზე კვადრატულ მეტრზე შესაძლოა 25 დოლარამდე გაიაფებით აისახოს.

დაანონსებული ცვლილება მოსწონთ კომპანია “ტერასა ჯგუფშიც”. კომპანიის კომერციული დირექტორი თამარ გაფრინაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ის იყო, რომ კვლევები დროში ჭიანურდებოდა.

“დეველოპერებისთვის პროექტის შეთანხმების ნაწილი გამარტივდება, ვგულისხმობ როგორც დროის ნაწილს, ასევე დამატებით დანახარჯებს. რაც მეტად გამარტივდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი, დეველოპერს უფრო გაუმარტივდება პროექტის განხორციელება. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო არა თანხის, არამედ დროის რესურსის მხრივ.

არ ხდებოდა ერთი ფანჯრის პრინცპით დოკუმენტაციის მიღება, ჯერ კვლევა იგზავნებოდა თბილისის მერიაში, შემდგომ იგზავნებოდა თბილისის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურში, ხარვეზის შემთხვევაში ხდებოდა კორექტირება და თავიდან გადაგზავნა. მხოლოდ სატრანსპორტოს დასტურის შემდეგ ხდებოდა მერიაში მიღება. ახლა ეს რგოლი ამოვარდნილია, ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდება შეფასება, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა”,- ამბობს თამარ გაფრინდაშვილი.