მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეძლებს რეფორმა გაზის სექტორში ორი მომწოდებლის პირობებში?

617ff3bbe3eb3
დავით ჯალაღონია
02.11.21 09:45
690
საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია იგეგმება, თუმცა ელექტროენერგეტიკის სექტორისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით რეფორმა ჯერ კიდევ თავის რიგს ელოდება.

გაზის ახალი ბაზრის ჩარჩოები კონცეფციაშია მოცემული, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის სექტემბერში დაამტკიცა. როგორც დოკუმენტში წერია, კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, მიზნად ისახავს "ისეთი ბაზრის მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უწყობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს განვითარებას და მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ანიჭებს, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრების განვითარების გზით, როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე".

ეს ჩანაწერი ერთია, მაგრამ რეალობა - მეორე, რადგან საქართველოში ბუნებრივი გაზის ორი მომწოდებელია - აზერბაიჯანი ბაზრის 95%-იანი წილით და რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, რა სქემით შეიძლება იმუშაოს ბირჟამ გაზის სექტორში, ამის შესახებ "საქმის კურსთან" ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი საუბრობს.

"ბირჟა რამდენად პერსპექტიულია, ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი. მთავარი მიზანია, დავინახოთ, დღეს რა პრობლემები გვაქვს, ეს პრობლემები რა საფრთხეებს შეიცავს და ეს რეფორმა მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევამციროთ ეს საფრთხეები, რაც შეიძლება მეტად კონტროლირებადი გავხადოთ ისინი. ამ თვალსაზრისით, სწორედ გაზის ბაზარია არასახარბიელო სექტორი. ალბათ ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალეა, პოლიტიკურად მოტივირებული უდიდესი მომწოდებლები გვყავს, რომლებსაც კიდევ ბევრი სხვა ინტერესი აქვთ და გაზის გაყიდვა მათი ერთადერთი და მთავარი ინტერესი არ არის. აზერბაიჯანსა და “სოკარს” აქვთ მთელი წყება ბიზნესებისა, დაწყებული მოწოდებიდან, განაწილება, მოხმარება და ა.შ. ეს დამოკიდებულება პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტებს იძლევა, რაც საფრთხის შემცველია. მე სამწუხაროდ არ მინახავს ჩვენი კარგი, მოფიქრებული, გააზრებული შეფასება დღევანდელი გაზის სექტორისა, იმ პრობლემების აღწერა, რომელიც ამ სექტორშია. ერთ-ერთი ასეთი იყო საერთაშორისი ენერგეტიკული სააგენტოს შესწავლა, რომელიც 2019 წელს იყო, მაგრამ ჩვენი, შიდა დაფიქრებული გეგმა, რა გვიჭირს და როგორ გამოვასწოროთ, ეს არ ჩანს.

გაზის ბირჟის საკითხი სწორედ შეიძლება ასეთი რამ იყოს, ზედაპირული, ფორმალური მიღება რაღაცისა, რასაც შინაარსის მიცემა სჭირდება. ამ შინაარსის მიმცემი რაიმე დებულება, ხედვა, სტრატეგია მე არ ვიცი და ეს არის უკიდურესად საჭირო, რადგან ამის შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს ლიბერალიზაცია ბევრი მიმართულებით. მთავარი რეცეპტი აქ არის, რომ გამჭვირვალე გარემოზე გადმოიყვანო როგორც რუსეთის, ისე აზერბაიჯანის შუალედური კომპანიები, პოლიტიკოსების მიერ სუბსიდირებისთვის გაზის გამოყენება და ამით პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება, ჩრდილოეთ-სამხრეთის მილსადენის გამოყვანა კომერციულ საწყისებზე, გაზსაცავის აშენება და ა.შ. ეს უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს ამ სექტორში მდგომაროების გაუმჯობესებისკენ. ეს თუ დავინახეთ, ე.ი ყველაფერი კარგად არის და მანამდე უნდა მოვითხოვოთ, რომ ასეთი საქმეები გაკეთდეს", - განმარტავს მურმან მარგველაშვილი.

მდგომარეობის გაუმჯობესება, მომწოდებლების რაოდენობის გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია კერძო სექტორისთვის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციიას აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ მოწოდების დივერსიფიცირებისთვის ირანული გაზის გამოყენებაა საჭირო, რისი იმპორტიც ჩვენს ქვეყანას ძვირი დაუჯდება, ამიტომ დიდი ალბათობით ამ ვერსიის რეალიზება ვერ მოხერხდება.

"ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი წყაროა. გაზის ბაზარზე შედარებით რთულად არის საქმე. ბაზრის 99% პროცენტი ერთ მომწოდებელს აქვს დაკავებული. პოტენციურად, რუსეთი შეიძლება გახდეს მეორე მომწოდებელი, მაგრამ იქ ბევრი პოლიტიკური თემა შემოდის და იცით, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული და ალბათ იკეტება ბაზარი, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირი სახმელეთო კავშირი ირანთან არ გვაქვს და სომხეთთან არსებული სიმძლავრეები თუ არ იძლევა ტრანზიტის საშუალებას, ვირტუალური ტრანზიტი გავაკეთოთ, თუმცა ვირტუალური ტრანზიტიც აძვირებს ამ ბუნებრივი გაზის შემოტანას ქვეყანაში იმდენად, რომ შეიძლება ეს რესურსი კონკურენტული ვერ გახდეს.

ჩვენ რეფორმას ერთი წლისთვის ხომ არ ვაკეთებთ, გრძელვადიანად ვაკეთებთ და კარგად უნდა გვქონდეს წარმოდგენა, ამ ბაზარზე გაზის შემომტანი ვინ იქნება? ფასი როგორ უნდა განისაზღვროს? ვფიქრობ, დივერსიფიკაცია ფიზიკურად შეიძლება ვერ მოხდეს, ელექტროენერგეტიკული ბაზრისგან განსხვავებით და იყოს სერიოზული პრობლემები ამ ბაზარზე", - მიიჩნევს ლევან ვეფხვაძე.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, წლის ბოლომდე საქართველოში რუსეთიდან 200 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტი იგეგმება, აზერბაიჯანიდან კი - 2 მილიარდ 519 მილიონი.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტზე 53.8 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (18.9 მლნ აშშ დოლარი) სამჯერ მეტია.

2020 წელს გაზპრომის გაზი საქართველოს თითქმის 40 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა, 2019 წელს კი - 30 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება გაზის მოცულობებს, როგორც BM.GE-ს საქსტატში განუმარტეს, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. საქსტატისგან განსხვავებით, აღნიშნული ცნობები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წლიურ ანგარიშებშია მოცემული, რომლის თანახმად, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში 204 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შემოვიდა.