მთავრობა 2024 წელს გაზის მოხმარების ზრდას ელის. ბუნებრივი გაზის ბალანსის პროგნოზით, 2024 საქართველოს 3 231 516 000 კუბ.მ გაზის მიღებას ელის. საიდანაც 3.017 მლრდ კუბ. მეტრის აზერბაიჯანიდან, 200 მლნ კუბ. მეტრი გაზის კი რუსეთიდან მიღება ივარაუდება.
აღსანიშნავია, რომ იზრდება შაჰ-დენიზის საბადოდან მისაღები გაზის მოცულობა. "სამხრეთის გაზის მილსადენის" ფარგლებში წელს საქართველო 1.515 მლრდ კუბ.მეტრზე მეტ გაზს მიიღებს, რაც ჯამური მოხმარებით თითქმის ნახევარია. "შაჰ-დენიზიდან" მისაღებ მოცულობაში 1.007 კუბ. მეტრი "ოფციური" გაზია, 0.508 მლნ კი, ე.წ დამატებითი გაზია. 1.501 მლრდ კუბ. მეტრ გაზს საქართველოს „სოკარი" მიაწვდის. ადგილობრივი მოპოვება კი 14.133 მლნ კუბ. მეტრამდე გაიზრდება.
რაც შეეხება მოხმარებას, პროგნოზით, 2.2 მლრდ კუბ. მეტრი გაზი სოციალური მოხმარებისთვის იქნება მიმართული, თბოსადგურებისთვის - 762.5 მლნ კუბ.მეტრი გაზია გათვალისწინებული; მოსახლეობაზე - 1.458 მლრდ კუბ.მეტრი, ხოლო კომერციული სექტორის მოხმარება 970.05 მლნ კუბ. მეტრი იქნება.
აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, პროგნოზი და რეალობა ერთმანეთს არ დაემთხვეს. რუსეთიდან 2023 წელსაც მხოლოდ 200 მლნ კუბ.მ გაზის მიღება იყო ნავარაუდევი, თუმცა გასული წლის 11 თვის მონაცემებით, რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვის მაჩვენებელი 65%-ით იყო გაზრდილი. 2023 წლის 11 თვეში ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში 91 მილიონი დოლარის ღირებულების 490 მილიონ კუბურ მეტრამდე რუსული გაზი შემოვიდა. შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარებაში 19%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი, მაშინ როდესაც 2022 წელს ის 12% იყო.
რუსეთიდან გაზრდილ იმპორტზე BMG-იმ კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა, სადაც განმარტავენ, რომ ამჟამად საქართველო აზერბაიჯანიდან იმ მაქსიმალურ ბუნებრივ აირს იღებს, რომლის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობაც ამჟამად აზერბაიჯანს აქვს, შესაბამისად, მოთხოვნის დანარჩენ ნაზარდს ქვეყანა რუსეთიდან მიღებული გაზით აბალანსებს. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში მიუთითებენ, რომ ბოლო რამდენიმე წელში საქართველოში გაზზე მოთხოვნა 0,5 მილიარდი კუბური მეტრით არის გაზრდილი.