28.ივნისი .2022 00:20

რას სთავაზობს Kass Dimond Resort-ი სტუმრებს და რა ფასად დაისვენებთ ახალ კომპლექსში?

რას სთავაზობს Kass Dimond Resort-ი სტუმრებს და რა ფასად დაისვენებთ ახალ კომპლექსში?
views 851
უკან

წალკაში, დაშბაშის კანიონის მიმდებარედ 14 ივნისიდან ახალი ტურისტული ობიექტი Kass Land-ი ამოქმედდა. ისრაელური კომპანია Kass Group-ის მიერ მოწყობილ ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ატრაქციებთან ერთად 15 ივნისიდან სტუმრების მიღება Kass Dimond Resort-მაც დაიწყო, რომელიც სრულად 200 ვილას აერთიანებს.

BM.GE-ი დაინტერესდა როგორია ახალი ლოკაციისადმი ინტერესი, ვინ სტუმრობს ახლად გახსნილ ობიექტს და რა ფასად შეიძლება წალკაში დასვენება - ამ კითხვებით ინვესტორი კომპანიის გენერალურ დირექტორს ეკატერინე თორდიას მივმართეთ.



Kass Group-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ დღეისთვის ტურისტულ ადგილზე, სტუმრებს 30 ვილა იღებს, თუმცა 2 კვირაში კიდევ 42 ვილის ამოქმედება იგეგმება. ამასთან ივლისის ბოლომდე კომპანია ოპერირებაში 62 ვილის გაშვებას გეგმავს. რაც შეეხება ფასებს, ვილებში განთავსების ღირებულება ადგილების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება და ტურიზმის მაღალი აქტივობის სეზონზე ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით 150-დან 210 დოლარამდეა; საშუალო აქტივობის პერიოდში - მარტში, მაისსა და ოქტომბერში ფასი 120-დან 180 დოლარამდეა, ხოლო დაბალი აქტივობის სეზონზე ნოემბერ-თებერვალში 100-დან 160 დოლარამდე. ფასში მხოლოდ განთავსება შედის და საუზმის ღირებულება 1 ზრდასრულზე 20 დოლარს შეადგენს.

Kass Land-ი მოიცავს დაცულ ტერიტორიას, ვიზიტორთა ცენტრს, ღია და დახურული სახის რესტორნებს, ბაიკ ლაინს, საქანელას და 240 მეტრის შუშის ხიდს, რომლის შუაგულში დაკიდებულია ბრილიანტის ფორმის ბარი. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ახლოს, ბუნების წიაღში გაატარონ ერთი დღე, მიიღონ ახალი გამოცდილებები და ემოციები. შეუძლიათ გადავიდნენ ხიდზე, რომელიც უნიკალურია და ანალოგი არ აქვს მსოფლიოში, გამოსცადონ ბაიკ ლაინი, რომელიც ასევე სიახლეა საქართველოსთვის.

ჩვენს ტერიტორიასთან არის ალგეთის ეროვნული პარკი, ფარავნის ტბა, ბირთვისის ციხესიმაგრე და ა.შ. რაც საშუალებას მისცემს ვიზიტორებს მოინახულონ სხვადასხვა ტერიტორია და რამდენიმედღიანი ტურის განმავლობაში ჩვენს ვილებში განთავსდნენ.

ვილებს ესაზღვრება ფიჭვნარი, რომელიც ცნობილია დამტვერვის სეზონით და სასარგებლოა დამსვენებლებისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვილების სტუმრებისთვის კანიონის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა.

ასევე ჩვენს კომპლექსში არსებულ რესტორანში დამსვენებელს განსხვავებული და უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას ვთავაზობთ“, - აღნიშნა ეკატერინე თორდიამ.



კომპანიაში ამბობენ, რომ ჯავშნები აქტიურდება. ვილების დაჯავშნა Booking.com-დანაც მიმდინარეობს. Kass Land-ში დატვირთვის კონკრეტულ მაჩვენებლებს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად Kass Dimond Resort-ს არაბეთის ქვეყნების, სომხეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც აქტიურობენ.

„სტუმრებს ისრაელიდანაც ველით, უკვე განხორციელებულია ჯგუფური ჯავშნები. ჯგუფურთან ერთად ინდივიდუალური ჯავშნებიც კეთდება, თუმცა ამ ეტაპზე უმეტესად მაინც ჯგუფური ჯავშნები გვაქვს“, - უთხრა BM.GE-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნია, რომ დღეისთვის ტურისტული კომპლექსი სრულად 250 ადამიანს ასაქმებს.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა