მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დაინტერესდა ბიზნესი თბილისში პარკირების სივრცეების მოწყობით? - წილოსანის პასუხი

631c7cee8db39
ვიქტორია მღებრიშვილი
10.09.22 16:10
2604
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ის მიზეზები განმარტა, რომელთა გამოც ფასიანი საპარკინგე სივრცეების მოწყობა კერძო სექტორისთვის უინტერესო აღმოჩნდა. ამის შესახებ ვიქტორ წილოსანმა BMGTV-ს ეთერში გადაცემა „ანალიტიკაში“ დედაქალაქში საპარკინგე სივრცეების სიმცირესა და გაზრდილის ჯარიმების ანალიზისას ისაუბრა.

"კახი კალაძემ მერად არჩევის შემდეგ კერძო სექტორს საპარკინგე სივრცეების მოწყობის მიზნით მიწის 1 ლარად გადაცემა შესთავაზა და შესაძლებელი იყო, რომ მათი საპარკინგე სივრცე ფასიანი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან პარკირება იმდენად იაფია, რომ არც ერთი ბიზნესი ამით არ დაინტერესდა“, - განაცხადა წილოსანმა.

ამასთან, მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მთავარი მიზანი ურბანული სივრცის თანაბრად გადანაწილებაა. პარკირების სივრცეების მოწყობა კი ავტომობილებით გადაადგილების წახალისებაა.

„თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე პარკირების ადგილი არ არის, ეს ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიაზე მობილობა იმდენად მაღალია, რომ პარკირება გაუქმდა. მობილობის მართვის რამდენიმე მექანიზმი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი პარკირებაა. რა დროსაც რამდენიმე ეტაპი მოქმედებს: ფასიანი პარკირება, კიდევ უფრო ძვირად ღირებული ფასიანი პარკირება და ყველაზე უკიდურესი - საპარკინგე ადგილის გაუქმება. შესაბამისად, თუ ისეთი მობილობის ადგილები გვაქვს, სადაც მაღალი მიზიდულობაა, რა თქმა უნდა, იმ ტერიტორიაზე შეიძლება პარკირება გაუქმდეს და არა დაემატოს", - აღნიშნა წილოსანმა.

ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ისიც დასძინა, რომ თბილისის მერია რეაბილიტირებულ მელიქიშვილის ქუჩაზე პარკირების ადგილებს არ მოაწყობს.

„მუნიციპალიტეტს იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს გასაკეთებელი, რომ არ ვფიქრობ, მერიამ იმაში უნდა დახარჯოს თანხები, რომ ავტომობილებით გადაადგილების რაოდენობა გაზარდოს. ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს, სადაც ტროტუარები არ არის და ადამიანებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ეტლით გადაადგილება ავტომობილის სავალ გზაზე უწევთ. ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ის, რომ ჩვენ სადღაც შეიძლება პარკირების ადგილი არ გვქონდეს“, - თქვა წილოსანმა.