თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი იმედოვნებს, რომ 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის („ბასლეინი“/ავტობუსის ზოლი) შექმნა 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ათი ძირითადი დერეფნის მოწყობას ითვალისწინებს, რის შედეგადაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო სწრაფად და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას. სატრანზიტო დერეფნებია:
I დერეფანი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა;
II დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, მოსკოვის გამზირი;
III დერეფანი: თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი;
IV დერეფანი: ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა;
V დერეფანი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
VI დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;
VII დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა;
VIII დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი;
IX დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა;
X დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა.
ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, სწრაფი სატრანზიტო დერეფნის ჯამური სიგრძე 110 კილომეტრია და ამ დროისთვის, დაახლოებით, 70 კმ სიგრძის საავტობუსე ზოლები უკვე შექმნილია.
„ვიმედოვნებ, 2024 წლის ბოლოსთვის 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის შექმნა დასრულდება; გარწმუნებთ, ამას გაცილებით მეტი პერიოდი არ დასჭირდება. ვინაიდან, რეალურად, სამ წელიწადში შეიქმნა 70 კმ საავტობუსე ზოლი და გაცილებით უფრო რთული დერეფნები შეიქმნა, ვიდრე დარჩენილი 40 კილომეტრია; აქვე ვიტყვი, რომ აღმაშენებლის ხეივანი და გელოვანის გამზირი იქნება ყველაზე რთული კვანძი, რეალურად, სატრანსპორტო რეფორმის გარდამტეხი, რადგან ძალიან დიდი დამაკავშირებელი დერეფნებია“, - აღნიშნა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში ვიქტორ წილოსანმა სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის ტემპთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ მარშალ გელოვანისა და აღმაშენებლის გამზირებზე ავტობუსის ზოლების შექმნა წერეთლის გამზირზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება, „რათა ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო რთული არ გახდეს“.
„როგორც კი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება, სწრაფი ტემპით გავაგრძელებთ საზოგადოებრივი ტრასნპორტისთვის გამოყოფილი ზონების შექმნას“, - დასძინა ვიქტორ წილოსანმა.