02.მარტი .2021 22:30

რატომ არ გაიხსნა ბათუმში რესტორნების ნაწილი?

რატომ არ გაიხსნა ბათუმში რესტორნების ნაწილი?
views 396
უკან

1 მარტიდან ბათუმში არსებული რესტორნების შიდა სივრცეებს მუშაობის უფლება მიეცათ, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად კვების ობიექტების ნაწილი არ გაიხსნა. მიზეზებს შორის ქვეყანაში მოქმედ ე.წ კომენდანტის საათს, შაბათ-კვირის შეზღუდვას და ტურისტების არარსებობას ასახელებენ. რესტორნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტორები საკმარისი საფუძველია იმისა, რომ ბიზნესმა ოპერირებისთვის საჭირო ხარჯი არ გაწიოს.

რესტორან „ვერანდა აკროპოლეს“ დამფუძნებელი ირაკლი თავართქილაძე „საქმიან დილასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გარდა, რესტორნის 1 აპრილამდე გაჩერების მიზეზი გაზრდილი კომუნალური ხარჯებიცაა, რომლის დაფარვა მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების ხარჯზე შეუძლებელია.

„ჩვენ საკმაოდ დიდი რესტორანი გვაქვს, 100-მდე თანამშრომელი მუშაობს და იმ პირობებში, როდესაც შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა აკრძალულია, როდესაც მოქმედებს კომენდანტის საათი, როდესაც არ გვყავს ტურისტები, ამ ყველაფრის ფონზე კომუნალურების, ხელფასებისა თუ სხვა ფინანსური ხარჯის გაწევა ძალიან გაგვიჭირდებოდა. მითუმეტეს ბათუმში ზამთრის პერიოდში და ზღვის პირველ ზოლში რესტორნებს ისედაც ძალიან უჭირთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 1 აპრილს გავიხსნათ.

ჩვენ რესტორნის გარდა გვაქვს ტურისტული სააგენტო და უკვე პირველი შეკვეთები ისრაელიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან არსებობს. მთავარია არაფერი შეიცვალოს როგორც მათთან, ისე ჩვენთან და ისევ არ დავხუროთ საზღვრები.

ასევე, თანამშრომლების 80% გადასულია სახელმწიფოს სუბსიდირებაზე და იმედს ვიქონიებთ, გაზაფხულიდან მით დაბრუნებას მოვახერხებთ.“ - განაცხადა თავართქილაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბათუმში დღეიდან რესტორნების მხოლოდ 50% გაიხსნა. რაც შეეხება ფასებს, თავართქილაძე ამბობს, რომ ლარის დევალვაციისა და გაზრდილი კომუნალურების გამო რესტორანი სტუმრებს გაზრდილი ტარიფებით მოემსახურება.

„მე ვიცი რომ მხოლოდ 50% გაიხსნა, ისინი ვისაც ჰქონდა ღია ვერნადები, თუმცა ხალხის სიმცირე თვალშისაცემია. ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა. გარე სივრცე არ იყო კომფორტული ავდარში, ამას ემატება ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც საკმაოდ რთულია, მოსახლეობაში არ არის ფული, რომელსაც რესტორნებში დახარჯავენ. ასევე მთავარი მიზეზი რაც ხსნის ხალხის სიმცირეს, ეს სოციალური ღონისძიებების შეზღუდვაა. არ არის დაბადების დღეები, ქორწილები და ა.შ. მხოლოდ მცირე ჯგუფები დადიან რესტორნებში და მხოლოდ იმისთვის, რომ ვიწრო წრეში, შეზღუდული დროით იყვნენ რაც ცხადია რაოდენობას ამცირებს", - ამბობს ირაკლი თავართქილაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა