მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მიუღებელი შრომის კოდექსში ცვლილებები - დამსაქმებელთა ასოციაციის არგუმენტები

5d961836029da
დავით ჯალაღონია
04.10.19 09:40
1410
"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა განიხილეს და საკუთარი შენიშვნები გამოთქვეს.

ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა ცხაკაიამ კანონპროექტიდან ის ძირითადი მუხლები გამოყო, რაც კერძო სექტორისთვის განსაკუთრებით პრობლემურია.

"მოგეხსენებათ, შემოთავაზებული პროექტით, 48 საათით იზღუდება სამუშაო დრო, რომელშიც შედის მხოლოდ 40-საათიანი ნორმირებული სამუშაო დრო, პლიუს 8-საათიანი ზეგანაკვეთური სამუშაო დრო კვირაში. ვფიქრობთ, რომ ამ შეზღუდვის ყველა სექტორზე გავრცელება ქართული ბიზნესისთვის ნაადრევია და ამან გარკვეული პრობლემები შეიძლება შექმნას არა მხოლოდ დამსაქმებლებისთვის, არამედ, თავად დასაქმებულებისთვისაც, რომელთაც სურვილი აქვთ, 48 საათზე მეტი იმუშაონ და ასეთი ბევრია დღეს საქართველოში.

კანონპროექტით სტაჟირებასთან დაკავშირებითაც წესდება შეზღუდვები, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ მძიმედ დააწვება თვითონ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სურვილი აქვთ, სტაჟირების მეშვეობით მიიღონ ცოდნა და ის უნარები შეიძინონ, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა არ იძლევა", - განმარტა შალვა ცხაკაიამ.

შეხვედრას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" იურისტი თინათინ ქემაშვილი აღნიშნავს, რომ "შრომის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ამ დარგში სერვისების მიწოდებას შეაფერხებს.

"დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სპეციფიკური დარგისთვის, როგორიც არის სამედიცინო სფერო და დაწესებულება. სამუშაო დროის შეზღუდვა, ასევე ალტერნატიულ სამუშაოზე დასაქმების შეზღუდვა, პირველ რიგში, პრობლემას შეუქმნის სამედიცინო დაწესებულებას იმ ფონზე, როცა სამედიცინო სფეროში კადრები ისედაც დეფიციტურია. ამ რეგულაციებით სამედიცინო სფეროში ფაქტობრივად, რისკის ქვეშ დგება სრულყოფილი სამედიცინო სერვისის მიწოდება პაცინტებისთვის", - განაცხადა თინათინ ქემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "შრომის კოდექსში" ცვლილებები რამდენიმე სამსახურში ერთდროულად დასაქმებაზე შეზღუდვებს აწესებს, ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებს ითვალისწინებს, სტაჟირების პირობებს ამკაცრებს და კიდევ არაერთ სიახლეს გვთავაზობს, რასაც კერძო სექტორი ეწინააღმდეგება. დიმიტრი ცქიტიშვილის გარდა, "შრომის კოდექსით" დასაქმებულთა შრომის საათების გაკონტროლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და საბჭოს წევრს ილია ვერძაძეს სურთ. მათ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვით, კვირაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური მუშაობა იკრძალება.