მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლოს აქილევსის ქუსლი სისწრაფე და კომპეტენციაა - შალვა ცხაკაია

შალვა ცხაკაია

კერძო სექტორი აცხადებს, რომ სასამართლოში გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.

როგორც GLCC Law Firm-ის პარტნიორმა, შალვა ცხაკაიამ BMG-ის განუცხადა, სასამართლო სისტემაში დღეს არსებული ვითარება დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ეფექტურად მუშაობასაც აფერხებს.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, კომპანიებისთვის არბიტრაჟის გამოყენებაც არაერთ გამოწვევას უკავშირდება.

„სასამართლოს აქილევსის ქუსლი სისწრაფე და კომპეტენციაა. სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი სამუშაოებია განსახორციელებელი. არსებობს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლოს დადებითი მიდგომა უნდა ჰქონდეს, თუმცა ჩვენ ამ მიმართულებითაც გაუარესებას ვხედავთ. ბიზნესისთვის არბიტრაჟში წასვლის გადაწყვეტილებაც გართულდა, გამომდინარე იქიდან, რომ ცნობა-აღსრულება ისევ სააპელაციო სასამართლოში მიდის, ეს პროცესი კი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ისევ ჭიანურდება. შესაბამისად, სასამართლოსთან დაკავშირებული გამოწვევები კვლავ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორია ბიზნესისთვის. ინვესტორები პირველ რიგში, კითხვას სვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამოკიდებულება აქვს სასამართლოს ბიზნესისადმი. ჩვენ კი ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფრით ვახარებთ პოტენციურ ინვესტორებს”, - განაცხადა შალვა ცხაკაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, ბიზნესი საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს. 2024 წლის I კვარტალში აღნიშნულ ბარიერზე გამოკითხული კომპანიების 50%-მა მიუთითა. მათ შორის ამ მიმართულებით ერთ-ერთ გამოწვევად სასამართლო სისტემა სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები