მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“არბიტრაჟი სასამართლოსთან შედარებით მეტად რაციონალურია დავების გადაწყვეტისათვის” - ნიკა ნანუაშვილი

ნიკა ნანუაშვილი

ბიზნესდავების დიდმა ნაწილმა სასამართლოდან არბიტრაჟში გადაინაცვლა. იურისტები უმეტეს შემთხვევაში კლიენტებს ურჩევენ დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული მექანიზმები გამოიყენონ, ვიდრე სასამართლოში წლობით იდავონ. როგორც ირკვევა, კომერციული დავების შემთხვევაში ბიზნესი ძირითადად სწორედ კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტს იყენებს. იურისტების პრაქტიკაში ბოლო პერიოდში ასეთი დავები საკმაოდ მომრავლდა. თუ სასამართლოს დონეზე დავები შესაძლოა წლები გაგრძელდეს, არბიტრაჟმა რამდენიმე თვეში შეიძლება გადაწყვიტოს.

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი სრულად იზიარებს იურისტების რჩევას სასამართლოს ნაცვლად დავის შემთხვევაში ბიზნესმა არბიტრაჟის ინსტიტუტს მიმართოს, რადგან დავის გადაწყვეტის ეს გზა, მისი შეფასებით, მეტად რაციონალურია.

“არბიტრაჟის უპირატესობა ცალსახაა სასამართლოსთან შედარებით. ვფიქრობ, მეტად რაციონალურია დავების გადაწყვეტისათვის ბიზნესმა შეარჩიოს და არა მხოლოდ ბიზნესმა არბიტრაჟი. პირველ რიგში, ეს არის არბიტრაჟის მიმართ მაღალი სანდოობა და არბიტრის შერჩევაში თავად დავის მხარეების მონაწილეობა. სულ მცირე, დავის მხარეებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ, როგორი იქნება არბიტრის შერჩევის პრინციპი.

მეორე, თვითონ არბიტრის კვალიფიკაცია. მოგეხსენებათ, ბიზნესდავები, ნაწილი მათგანი მაინც, მთელი რიგი სპეციფიკურობით ხასიათდება და ხშირად მოსამართლისათვის ძნელია ასეთ წვრილმან, მათ შორის ტექნიკურ დეტალებში, ადვილად გარკვევა, როგორიც შეიძლება ბევრად ადვილი იყოს იმ არბიტრისათვის, რომელსაც გარდა წმინდა იურიდიული განათლებისა, გააჩნია, მაგალითად, ვიწრო სპეციალიზაციის გამოცდილება. მაგალითად, სამშენებლო დავები, დავები ინტელექტუალური სამართლის სფეროში და კიდევ სხვა ბევრ სფეროში და ა.შ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი. მეორე — ეს არის დრო.

არბიტრაჟის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დრო, ანუ სარჩელის წარდგენიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, ბევრად მცირეა, ვიდრე სასამართლოს შემთხვევაში და როცა ვსაუბრობთ ბევრად მცირე, ეს არ ნიშნავს ერთი ან ორი თვით მცირეს, ეს ნიშნავს რამდენიმეჯერადად მცირეს. მაგალითად, არბიტრაჟს საშუალოდ სამი თვის ვადაში, საშუალო სირთულის დავაზე შეუძლია გადაწყვეტილების გამოტანა მაშინ, როდესაც სასამართლოს შემთხვევაში, თუნდაც პირველ ინსტანციაში, ეს ვადა არარეალურია.

როდესაც ვსაუბრობთ შედარებით შემჭიდროებულ დროზე, ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ არბიტრაჟი არის ერთინსტანციანი დავის განხილვა. მას არა აქვს აპელაცია, მას არა აქვს კასაცია, განსხვავებით საერთო სასამართლოებისაგან.

არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, სჭირდება ცნობა-აღსრულება, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემაში მიდის და დროის ნაწილში აქ ერთგვარი ნაკლი გვაქვს, რადგან ცნობა-აღსრულებას, როგორც წესი, დაახლოებით ერთ წლამდე სჭირდება ხოლმე, რაც პრობლემაა და ეს პრობლემაც ისევ სასამართლოების გადატვირთულობის ასპექტში შეგვიძლია განვიხილოთ, ანუ სასამართლოები გადატვირთულია და არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისინი ცნობენ და აღასრულებენ გარკვეულ გაჭიანურებულ ვადებში, რაც ნამდვილად პრობლემაა.

შეიძლება არბიტრაჟში დავის განხილვა შედარებით, არა ბევრად, მაგრამ შედარებით ძვირი დაუჯდეთ მხარეებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დავის განხილვის შემჭიდროებულ ვადებს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დრო ფულია, ბუნებრივია, აქაც შეგვიძლია გარკვეული დაშვებები გავაკეთოთ: არბიტრაჟი ან არც ისე ძვირია, ან ბევრად იაფი ჯდება საბოლოო ჯამში, ვიდრე სასამართლო სისტემა”,-აცხადებს ნანუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები