სასამართლოს გადატვირთულობის, ზოგადად სისტემის მიმართ სანდოობის და უმეტესად წლობით გაჭიანურებული განხილვების გათვალისწინებით, ბიზნესდავების დიდმა ნაწილმა სასამართლოდან არბიტრაჟში გადაინაცვლა. იურისტების განმარტებით, დრო და სანდოობა ის მთავარი უპირატესობებია, რაც კერძო სექტორს უბიძგებს არა სასამართლოში იდავოს, არამედ დავის გადაწყვეტის ამ ალტერნატიულ მექანიზმს მიმართოს.
როგორც ირკვევა, კომერციული დავების შემთხვევაში ბიზნესი ძირითადად სწორედ კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტს იყენებს. იურისტების პრაქტიკაში ბოლო პერიოდში ასეთი დავები საკმაოდ მომრავლდა. თუ სასამართლოს დონეზე დავები შესაძლოა წლები გაგრძელდეს, იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორი BMG-სთან ამბობს, რომ არბიტრაჟმა მაქსიმუმ 3 თვეში შეიძლება გადაწყვიტოს.
“ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ კლიენტს ვურჩიოთ და დავარწმუნოთ იმაში, რომ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდები გამოიყენოს გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წელია სასამართლოში წასვლა ავტომატურად ნიშნავს, რომ საქმე წაგებული გაქვს. საქმე რომც საბოლოოდ მოიგო, ეს იმხელა დროსთან არის დაკავშირებული, რომ იქ უკვე მოგებული არავინ რჩება.
შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შედგენის ეტაპზე ვერევით, 80-95 პროცენტში ვწერთ არბიტრაჟს. ერთის მხრივ უფრო ძვირი უჯდება ასეთი მექანიზმი კლიენტს, თუმცა ყოველთვის მეტად ეფექტიანია და დაახლოებით 3-4 თვეში საკითხი ამოწურულია ან დადებითად ან უარყოფითად. შესაბამისად, გაურკვევლობის მომენტი არბიტრაჟში არ არის. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, რომ არბიტრაჟი გავითვალისწინოთ ხელშეკრულებაში, მაგრამ თუ არ არის ეს მომენტი და უკვე აპრიორი დავის პროცესში ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ რაღაც შეთანხმებამდე მივიყვანოთ მხარეები და ორივე მხარემ დათმოს რაღაცა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში სასამართლოში წასვლით ყველა წაგებული არ გამოვიდეს.
ერთადერთი უარყოფითი არის ის, რომ მაინც სასამართლოში გიწევს წასვლა და კიდე მინიმუმ 3 თვე იწელება ეს პროცესი. ანუ არბიტრაჟს თუ დაამთავრებ 2-3 თვეში, პლუს ამას ზემოდან 3 თვე ემატება მინიმუმ იმისთვის, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ ბეჭედი დაარტყას და ცნოს ეს გადაწყვეტილება. აქ ისევ სასამართლო ერთვება და როგორც კი სასამართლო ერთვება, ეგრევე პრობლემა იწყება, რადგან კანონით დადგენილ ვადებს, როგორც წესი არღვევენ, თუმცა ამის მიუხედავად 6 თვიანი პროცესი, რა თქმა უნდა, უკეთესია, ვიდრე 6 წლიანი პროცესი. მაგალითად, მე მაქვს პროცესები, რომელიც 11 და 12 წელი გრძელდება, ოღონდ არ ვაჭარბებ, მართლა არსებობს ასეთი პროცესები სასამართლოში.
პირადად ჩვენი გამოცდილებით, 2024 და 2025 წელს გვქონდა გაცილებით მეტი საარბიტრაჟო დავა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პერიოდში. ეს ნიშნავს იმას, რომ არბიტრაჟში მიმართვიანობა ჩვენს შემთხვევაში გაზრდილია და ყველა შემთხვევაში გვაქვს პოზიტიური შედეგი”,- აცხადებს ირაკლი გაფრინდაშვილი.




























