საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საქმეების განხილვის პრაქტიკის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მათი ინფორმაციით, დღეს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საარბიტრაჟო დავების ცნობა აღსრულების პროცესი დროში ჭიანურდება, რაც არბიტრაჟის ინსტიტუტს აზარალებს. 2018 წელს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები დასრულებული საქმეების 68%-ს შეადგენდა, რაც სხვა სამოქალაქო საქმეების დასრულების მაჩვენებელს თითქმის უთანაბრდებოდა. თუმცა, 2022 წლისთვის ეს მონაცემი 34%-ზე ჩამოვიდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არბიტრაჟის მიმართ ბიზნესის მხრიდან ნდობა გაზრდილია, თუმცა არსებობს საკითხები, რაც საარბიტრაჟო სისტემის განვითარებას აფერხებს.
მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არბიტრაჟის კომპეტენციაში ჩარევაა. როგორც ნანუაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანი პრობლემაა არბიტრაჟის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის დროში გაჭიანურებაც.
“ვფიქრობთ, რომ საქართველოს საარბიტრაჟო სისტემის მიმართ ნდობა უფრო მაღალი შეიძლება იყოს. განვითარების პერსპექტივა საარბიტრაჟო ინსტიტუტებს უფრო მეტი აქვთ, თუმცა ამას გარკვეულწილად აფერხებს ცალკეული გარემოებები. ერთი ეს არის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების ვადები, მოგეხსენებათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს ცნობა/აღსრულებისთვის დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს. არბიტრაჟის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის საქმის განხილვის ვადა. თუ არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება 2 ან 3 თვის ვადაში, ჩვენს შემთხვევაში სასამართლოსგან ცნობა აღსრულებას სჭირდება სულ მცირე წელიწადი. ეს პრობლემა წლიდან წლამდე სტატისტიკას თუ ჩავხედავთ არ გვარდება, უფრო და უფრო მძიმდება. სულ უფრო მეტი დრო სჭირდება არბიტრაჟის მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.
მეორე ფაქტორი რაც არბიტრაჟის განვითარებას აფერხებს არის სასამართლოს დამოკიდებულება არბიტრაჟის მიმართ. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს არაერთი საქმე, როცა სასამართლო ერევა არბიტრაჟის კომპეტენციაში და წყვეტს ისეთ საკითხებს რაც არბიტრაჟის გადასაწყვეტია,”- ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი.