საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ (GAA) სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საქმეების განხილვის პრაქტიკის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. კვლევის პროცესში საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ 2018 წლიდან 2022 წლამდე გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. მათი თქმით, დღეს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საარბიტრაჟო დავების ცნობა აღსრულების პროცესი დროში ჭიანურდება, რაც არბიტრაჟის ინსტიტუტს აზარალებს.
2018 წელს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები დასრულებული საქმეების 68%-ს შეადგენდა, რაც სხვა სამოქალაქო საქმეების დასრულების მაჩვენებელს თითქმის უთანაბრდებოდა. თუმცა, 2022 წლისთვის ეს მონაცემი 34%-ზე ჩამოვიდა. იურისტები ამბობენ, რომ აუცილებელია მჭიდრო კომუნიკაცია მოსამართლეებთან და არსებული კანონმდებლობის განახლება.
“არბიტრაჟის მთავარი ხიბლი არის ის რომ სწრაფი მექანიზმია დავების გადაწყვეტის. საქართველოს კანონით 6 თვე სჭირდება საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტას და მინდა ვთქვა, რომ საარბიტრაჟო ინსტიტუტები და ტრიბუნალები იცავენ ამ ვადას. კანონში არ არის აქ პრობლემა, საარბიტრაჟო დავა იმისთვის, რომ საბოლოოდ აღსრულდეს აუცილებლად სჭირდება სასამართლოს გზის გავლა.
სასამართლომ უნდა ცნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ეს ეხება სააპელაციო სასამართლოებს საქართველოში და სწორედ აქ ვაწყდებით მთავარ გამოწვევას, რაც არის გაჭიანურება ვადების და თბილისის და ქუთაისის სასამართლოს არათანმიმდევრული პრაქტიკა. შეხვდებით ისე სიტუაციებს, როცა სააპელაციო სასამართლოს მიდგომა და პრაქტიკა არბიტრაჟის საქმეებზე განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან. ჩვენ აქ ვხედავთ რამდენიმე გამოსავალს, ერთი არის აქტიური კომუნიკაცია სასამართლოებთან და იმ მოსამართლეებთან, რომლებსაც ძირითადად აწერიათ საარბიტრაჟო დავები. ეს შეიძლება იყოს კომუნიკაცია საუკეთესო პრაკტიკის გაზიარებით, მოსაზრებების გაცვლით. ასევე შეიძლება ვიფიქროთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რითაც უარი ეთქმევა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობას და აღსრულებას საჩივრდებოდეს უზენაეს სასამართლოში, სადაც უფრო მეტი კომპეტენციაა, მეტი გამჭვირვალობაა.”-ამბობს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე რუსუდან ჭკუასელი.