მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესს სჭირდება მოსმენა და პოზიციის გაანალიზება“ - ნანუაშვილი 40-საათიან სამუშაო კვირაზე

63eb42f37f309
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.23 12:27
741
საქართველოს მთავრობის მიერ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალის დამტკიცების შემდეგ მშენებლობის, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის, ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოების და ქაღალდის მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესების მფლობელებს კვირაში 48 საათის ნაცვლად 40-საათიან სამუშაო განაკვეთზე გადასვლა მოუწიათ. რაც იმას გულისხმობს, აღნიშნული განსაზღვრული საათებზე მეტი დროის მუშაობის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს ზეგანაკვეთური სახელფასო ანაზღაურება გადაუხადოს. აღნიშნულ საკითხს კერძო სექტორის უკმაყოფილება ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე მოჰყვა, სახელმწიფომ კი, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტრომ და შრომის ინსპექცია ახალი დღის წესრიგზე ადაპტაციის მიზნით ბიზნესთან კონსულტაციების გააქტიურების დაპირება დადო. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 13 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ ცვლილებების მიზანი აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და კანონით გათვალისწინებული სიკეთეების მათზე გავრცელებაა. ცვლილება ერთი მხრივ გააუმჯობესებს შრომის პირობებს ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს ახალი კადრების დასაქმებას.

რამდენად მისაღებია ბიზნესისთვის სახელმწიფოს კონსულტაციები ამგვარი ცვლილებების დროს და რა პოზიცია აქვს კერძო სექტორს ამ საკითხთან დაკავშირებით - ამ კითხვებით BM.GE-მ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულ დირექტორს ნიკა ნანუაშვილს მიმართა, რომელიც უწყებაში გამართულ შეხვედრას ბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ნიკა ნანუაშვილი ამბობს, რომ ბიზნესის გარკვეული მიმართულებებისთვის აღნიშნული ცვლილება მიუღებელია, რადგან ქვეყანაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად კომპანიების ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ამბობს, რომ ბიზნესს არა კონსულტაცია და შეხვედრები, არამედ მოსმენა და პოზიციების გაანალიზება სჭირდება.

„ამ შეხვედრას კონსულტაციად ვერ შევაფასებ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის გამოწვევები, რაც ბიზნესს მანამდეც ჰქონდა, თუმცა სპეციფიკური დარგებიდან ამოღების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.

ჩვენი აზრით, ამ დადგენილების ასამოქმედებლად აუცილებელია დაწესდეს გონივრული ვადა, სახელმწიფო გვთავაზობს რომ გარდამავალ პერიოდში მოთხოვნები არ იქნება მკაცრი და არ მოხდება ინსპექტირება, თუმცა ისეთი სექტორებში, როგორიც რიტეილ და სამასპინძლო სექტორებია ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამ მხრივ ყველასთვის საფიქრალია რა უნდა გაკეთდეს სამასპინძლო და რიტეილ სექტორში.

ბიზნესს სჭირდება მოსმენა და მისი პოზიციის გათვალისწინება, გაანალიზება მაინც“, - ამბობს ნანუაშვილი.

კერძო სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ცვლილებები ახალი კადრების დასაქმებას ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს, რადგან ქვეყნიდან კადრების გადინება ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

„ელემენტარულად ქვეყანაში არც ახალი და არც ძველი კადრები არ არის. კვალიფიციური კადრები ქვეყნიდან გადიან და ვინც რჩება, მათი კვალიფიკაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ამასთან ერთად ბიზნესს ხარჯი ეზრდება, განსაკუთრებით რიტეილ და სამასპინძლე სექტორს და ისინი ძალიან ცუდ დღეში არიან“, - აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის: სპეციფიკური დარგებიდან სამასპიძლე და რიტეილ სექტორის ამოღების შემდეგ, დარგის წარმომადგენლებმა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე კომენტარი არაერთხელ გააკეთეს. მაგალითისთვის: რითეილ ასოციაციაში ამბობენ, სექტორის ხარჯები ჯამურად 60 მლნ-დამ 190 მლნ ლარამდე გაიზრდება. რესტორნების და სასტუმროების ხელმძღვანელები კი ამბობენ, რომ კადრების დეფიციტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თუ შეძლებს ბიზნესის გადაწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები