მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სპეციფიკური დარგებიდან რიტეილის ამოღება ხარჯს ₾190 მლნ-მდე გაგვიზრდის“ - ასოციაცია

63e25903d4fc9
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.23 20:15
1250
სპეციფიკური დარგებიდან რიტეილის ამოღება სექტორის ხარჯებს ₾60 მლნ-დან ₾190მლნ-მდე გაზრდის - ამის შესახებ BM.GE-ს რითეილ ასოციაციაში განუცხადეს.

ბიზნეს გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ხარჯების ამგვარი ზრდის გამო, ასოციაცია საქართველოს მთავრობას სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალში საცალო ვაჭრობის დამატების თხოვნით მიმართავს.

„პირველი იანვრიდან სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი ამოქმედდა, რომელშიც წლების განმავლობაში საცალო ვაჭრობაც იყო განსაზღვრული, თუმცა ახალ ჩამონათვალში აღარ მოიაზრება, სამაგიეროდ დისტრიბუცია კვლავ განსაზღვრულია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რიტეილს გაცილებით უფრო მეტი ხარჯი აქვს ვიდრე მომწოდებელს. აღნიშნული ჩამონათვალიდან რითეილის ამოღება ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, კერძოდ მთლიანად საცალო ვაჭრობის სექტორისთვის სახელფასო ბიუჯეტი საშუალოდ ₾60 მილიონიდან ₾190 მილიონამდე გაიზრდება.

ჩვენი ასოციაციის მხრიდან უკვე გაკეთდა განმარტება ჯანდაცვის სამინისტროს და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან და ამ თხოვნით მთავრობასაც აუცილებლად მივმართავთ, რათა საცალო ვაჭრობა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალში ისევ განისაზღვროს“, - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი გასული წლის მიწურულს - 26 დეკემბერს დაამტკიცა. მიღებული დადგენილებით, შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. კერძოდ, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები.

საქმე ის არის, რომ შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

ეს გულისხმობს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სპეციფიკურ დარგებს, 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.