მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

48-საათიანი სამუშაო კვირის ხანგრძლივობის შემცირებამ სექტორებში საქმიანობა სერიოზულად შეაფერხა - იურისტი

64ba8b1e50006
მარიამ ვარადაშვილი
21.07.23 17:50
913
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი ამბობს, რომ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალში ცვლილებამ გარკვეულ დარგებში შეფერხება გამოიწვია.

საუბარია გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიღებულ დადგენილებაზე, რის საფუძველზეც შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. კერძოდ, განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ. შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული სამუშაოს ასრულებს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის რეჟიმს – კვირაში 48 საათს.

“საწყის ეტაპზევე კვლევა გვქონდა ჩატარებული, რომელიც პასუხს სცემდა კითხვას, თუ რას გამოიწვევდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის ამგვარი შემცირება. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არ ყოფილა ის შედეგი, რასაც დღეს ვხედავთ. პირველ რიგში, სამუშაო ძალის ნაკლებობის გამო რიგ სექტორებში საქმიანობა სერიოზულად არის შეფერხებული. იმიტომ, რომ 48 საათიანი სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 40 საათამდე შემცირდა.

სექტორებში ეს იქნება მომსახურება, საცალო გაყიდვები, სამასპინძლო სექტორი გაღრმავდა კადრების დეფიციტისგან გამოწვეული პრობლემა. მამანდეც იყო კადრების დეფიციტი და ახლა ამას უკვე საათების შემცირებაც დაემატა. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ დანახარჯები გაეზარდათ, რაც ასეა, თუმცა ეს მთავარი არ არის. ადრე არსებული წესისგან განსხვავებით დღეს დასამქმებული ზეგანაკვეთურად რომ ამუშაო ამას აუცილებლად მისი თანხმობა სჭირდება.

ამას გარდა, ამ შეთანხმების მიღმა აუცილებელია, დასაქმებული და დამსაქმებელი შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობაზეც. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ კომპანიებს ახალი კადრების მოძიება უწევთ, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ და ეს თანამხმობის პროცესი საკმაოდ პრობლემურია. საბოლოოდ, ეს კომპანიების შეფერხებას იწვევს, თუმცა არა ყველასი”,-ამბობს ნანუაშვილი.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მთავრობამ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.

“გადახედვა უნდა მოხდეს იმ მონაცემების საფუძველზე, რაც დღეს არსებობს. გადახედვა თითოეული სექტორის მიხედვით, სადაც ეს პრობლემები ყველაზე თვალშისაცემია. გადახედვა და რაღაც შუალედური გადაწყვეტილების მიღება მაინც უნდა მოხდეს”,-ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები