მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირმა დაუშვილი: შრომის კოდექსი უფრო დასაქმებულზეა მორგებული და არა - დამსაქმებელზე

641ddc5775c96
თელარა გელანტია
27.03.23 09:00
867
„ინვესტორი უყურებს, როგორ არის დაცული შრომის კანონმდებლობით მისი ინტერესები. ჩვენი კანონმდებლობა მთლიანად მორგებულია დასაქმებულის ინტერესების დაცვაზე და ამ დევნაში, რომ დავიცვათ დასაქმებული, ძალიან ცუდ პირობებშია დამსაქმებელი“, - ეს განცხადება კომპანია Dio-ს გენერალურმა დირექტორმა და კურორტ "ნუნისის“ თანადამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე საუბრისას გააკეთა.

რა კონკრეტულ ხარვეზებს ხედავს ბიზნესვუმენი შრომის კანონმდებლობაში, ამ და სხვა კითხვებზე ირმა დაუშვილმა „წერტილის“ წამყვანის რამდენიმე კითხვას უპასუხა.

- ქვეყანაში დასაქმებული უფრო მეტია, ვიდრე დამსაქმებელი და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა კანონი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება და ყველა მიზანი თუ აზრი, რაც ჟღერდება, ყოველთვის სამომავლო არჩევნებს უკავშირდება, რომ მმართველმა ძალამ თავისი ადგილი, ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამიტომ მათ ურჩევნიათ, უმრავლესობის გული მოიგონ, ვიდრე - უმცირესობის. ამიტომ ძალიან ბევრჯერ იკარგება სიმართლის მარცვალი. მაგალითად, როდესაც შრომის კოდექსი გავალდებულებს, რომ 5 წლის შემდეგ დასაქმებულთან მუდმივი კონტრაქტი დადო - გასაგებია, რომ ყოველთვის შეგიძლია კონტრაქტის შეწყვეტა, მაგრამ ესეც რაღაც იძულებული ფორმაა - რატომ უნდა გავაფორმო 5 წლის მერე ჩემს დასაქმებულთან მუდმივი კონტრაქტი?! მუდმივ კონტრაქტს, მგონი, ოჯახში ცოლ-ქმარი არ დებს...

- თუმცა დასაქმებულის უფლება უნდა იყოს დაცული... მაგალითად, ეს შეეხება სამუშაო საათებს თუ ზეგანაკვეთურ ანაზღარებას და ა.შ.

- რა თქმა უნდა... მაგრამ დამსაქმებლის ინტერესებიც უნდა იყოს დაცული. მაგალითად, თუ შენი კომპანიიდან დასაქმებულმა ინფორმაცია გაიტანა - კანონში არაფერი წესია ამის შესახებ, როგორ იქცევი ამ სიტუაციაში. ასევე, დასაქმებულს ვერაფერს უზამ, როცა გიცხადებს, რომ ხვალ მიდის სამსახურიდან, მაშინ როცა დამსაქმებელი თუ უშვებს, 2 თვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს და ა.შ.

- თუ ამდენი გამოწვევა გაქვთ დამსაქმებლებს, ამ საკითხებს არ აყენებთ სხვადასხვა ფორმატში?

- რა თქმა უნდა, ამ საკითხებს ყოველთვის ვაყენებთ, მაგრამ სულ გადადების რეჟიმია... ისმენენ, მაგრამ მხედველობაში მაინც უფრო დასაქმებულის ინტერესების მიღება ხდება.

„წერტილში“ სტუმრობისას, ირმა დაუშვილმა, რომელიც ბიზნესასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ასევე გამოყო კანონმდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელიც საქართველოში ქალებს აქვთ.

„ვფიქრობ, პირდაპირ დისკრიმინაციულია კანონი, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალბატონებს 6 თვის მანძილზე ხელფასი სრულად ეძლევათ. კერძო სექტორში დასაქმებული ქალბატონები სახელმწიფოსგან დეკრეტის დროს იღებენ 2000 ლარს ერთჯერადად, (ადრე 1000 ლარი იყო 6 თვის განმავლობაში), მაგრამ ქალი, რომელსაც თვეში, მაგალითად, 2 000 ლარი აქვს ხელფასი, მისთვის 6 თვეში გაცემული 2000 ლარი არაფერია, რომ ახალშობილთან მშვიდად იყოს ის პერიოდი და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე არ იფიქროს. გარდა ამისა, დიდ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ქალები ხშირად არ ფლობენ ქონებას - ეს უკვე ტრადიციაა ჩვენი ქვეყნის, ვერ ვიტყვი რომ 100%-ით ასეა, მაგრამ რეგიონებში, ძირითადად, ქონებას ფლობენ მეუღლეები ან მამები, ან ძმები და როცა ქალს არ აქვს მატერიალური აქტივი, ის ვერ ახერხებს სესხის აღებას და ა.შ.“, - აღნიშნა ირმა დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები