ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ საბაჟოზე რისკის ე.წ. ყვითელ დერეფანში ტვირთების დაყოვნების პრობლემა დღის წესრიგში კვლავ დგას და გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქონელი სწორედ აღნიშნულ დერეფანში ხვდება.
როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის ბორდის წევრმა, შალვა ცხაკაიამ BMG-ის განუცხადა, ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც იმპორტირებული პროდუქცია შემოწმებისას ე.წ. ყვითელ დერეფანში მისამართდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმპორტიორმა ტვირთის განბაჟებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადი ადგილზევე, დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს.
მისი თქმით, ეს განსაკუთრებით პრობლემური რითეილ კომპანიებისთვისაა, რომელთაც აღნიშნული გადასახადის გადახდა პროდუქციის რეალიზაციამდე უწევთ.
„იმპორტიორებს, რითეილ სექტორს ხშირად აქვს ე.წ ყვითელ დერეფანთან დაკავშირებული პრობლემა. როდესაც გეგმავ ბიზნესს, ძირითადად რეგულარული წესებით ხელმძღვანელობ. რეგულარული წესია, რომ როდესაც შემოგაქვს პროდუქტი და მისი განბაჟება გიწევს, გარკვეული პერიოდი გაქვს ამისთვის. ამ დროს კი ძალიან ხშირად საქონელი ყვითელ ზონაში ხვდება და ბიზნესს სრულად უწევს წინასწარ გადაიხადოს დამატებითი ხარჯი ისეთ პროდუქციაზე, რომელიც ჯერ დისტრიბუციაშიც არაა გაშვებული. ამიტომ ეს დამატებითი წნეხია ბიზნესისთვის“, - განაცხადა შალვა ცხაკაიამ.
იმაზე რომ საბაჟოზე იმპორტირებული პროდუქცია შემოწმებისას ხშირ შემთხვევაში ე.წ. ყვითელ დერეფანში ხვდება, აუდიტორული კომპანიების ნაწილშიც საუბრობენ.
როგორც “გრანთ თორნთონ საქართველოს" საგადასახადო მიმართულების მენეჯერმა ნათია ჩაგანავამ BMG-ს განუცხადა, მგავსი გამოწვევის წინაშე ის მსხვილი კომპანიებიც არიან, რომელთაც პროდუქცია რეგულარულად შემოაქვთ იმპორტზე.
„იმ კლიენტების 100%, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს შეხება, საბაჟოზე პროდუქციის შემოტანისას რისკების ყვითელ დერეფანში ხვდება. საკმაოდ მსხვილ კომპანიებზეა საუბარი, რომელთაც რეგულარულად, კვირაში 2-3 ჯერ შემოაქვთ საქართველოში პროდუქცია. ეს ვითარება საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება და ბოლო პერიოდში არ მახსენდება შემთხვევა, რომ მათი საქონელი ე.წ მწვანე დერეფანში მოხვედრილიყო და მათ ხუთდღიანი საშეღავათო პერიოდით ესარგებლათ. რამდენჯერაც აღნიშნულ საკითხზე ვკითხეთ საბაჟოს წარმომადგენლებს, მათი პასუხია, რომ ეს პროგრამულად, ავტომატურად ხდება და აქ არ ხდება ადამიანური რესურსის ჩარევა“, - განაცხადა ნათია ჩაგანავამ.
ცნობისთვის, საბაჟოზე რისკის რამდენიმე დერეფანი არსებობს. მათ შორის, ე.წ მწვანე დერეფანი, როდესაც საქონლის შემოწმება არ ხდება და იმპორტიორს დღგ-ს გადასახდელად ხუთდღიანი ვადა აქვს. საბაჟოზე ასევე მოქმედებს ე.წ. წითელი დერეფანი, როდესაც განსაბაჟებლად პროდუქციის სრული დათვალიერებაა საჭირო და ე.წ ყვითელი დერეფანი, როდესაც ძირითადი დოკუმენტაცია მოწმდება და იმპორტიორი ვალდებულია, იმპორტის გადასახადი დაუყოვნებლივ გადაიხადოს.